კატეგორიები

უკრაინის მიზანია, ანექსირებული ყირიმი რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით „გამოუსადეგარი“ გახდეს

უკრაინის მიზანია, ანექსირებული ყირიმი რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით „გამოუსადეგარი“ გახდეს
„2014 წელს პუტინის მიერ ნადავლივით იოლად მოპოვებული ყირიმი, როგორც სამხედრო ბაზა, კრემლისთვის უნდა გახდეს უინტერესო და გამოუსადეგარი“ - აცხადებს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური.

რობერტ ბროვდი, მეტსახელად „მადიარი“ ამბობს, რომ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე რუსული არმიის შესაძლებლობების შესამცირებლად საჭიროა მეტი დარტყმის განხორციელება შესაბამის პოზიციებზე.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კიევის გააქტიურებული ნაბიჯების მიუხედავად, მიზნის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის და საჭიროა დასავლელი მოკავშირეების მეტი ჩართულობა. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, თუკი უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები ომში მყოფ ქვეყანას დაპირებულ შეიარაღებას დათქმულ ვადებში გადასცემენ, მხოლოდ ოკუპირებული ყირიმის სამხედრო პოზიციებზე დარტყმები შვიდჯერ გაიზრდება:

„შემიძლია, რეალური მაჩვენებელი გითხრათ: ამჟამად ჩვენი განლაგების დონე უპილოტო სისტემების ძალების სრული შესაძლებლობების 14%-ს შეადგენს.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან დროული დაფინანსების შემთხვევაში, რაც აუცილებელი საშუალებების უზრუნველყოფას მოგვცემს, ჩვენ შეგვიძლია და მზად ვართ, მიმდინარე წლის აგვისტოსთვის ყირიმის მიმართულებით ჩვენი დამრტყმელი შესაძლებლობები შვიდჯერ გავზარდოთ - სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარეშე, მხოლოდ საჰაერო გზით და მხოლოდ უკრაინული წარმოების დამრტყმელი და სადაზვერვო დრონების გამოყენებით.“

რობერტ ბროვდი ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალებიდან უკრაინისთვის ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო დანაყოფს, რომელიც ომის მიმდინარეობას რადიკალურად ცვლის, განსაკუთრებით აგრესორი ქვეყნის ტერიტორიის სტრატეგიულ ობიექტებზე გამძაფრებული იერიშების გათვალისწინებით.

უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ყირიმზე იერიშების მიტანას სამხედრო მაღალჩინოსანი უწოდებს გასაღებს ომის დასრულებისკენ, რადგან ამჟამად აქ არის განლაგებული რუსული მხარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საომარი აღჭურვილობა, ბაზები და სწორედ ამ გზით უზრუნველყოფს მოსკოვი ლოგისტიკას მის მიერვე ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის მიწებზე.

საგულისხმოა, რომ ზაფხულის განმავლობაში კიევმა შეძლო ანექსირებულ ნახევარკუნძულზე მდებარე სარკინიგზო ხიდების, ნავთობსაცავებისა და სხვა ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება, რაც კრემლს დამატებით პრობლემებს უქმნის, დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიებზე მდებარე არმიას კი სამხედრო მომარაგების გარეშე ტოვებს.

„პირველი ეტაპისა და ყირიმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგები უკვე აისახება ვითარებაზე და შესაბამის შედეგებს იწვევს. თუ გააანალიზებთ უკრაინაზე განხორციელებულ სულ მცირე ხუთ ყველაზე მასშტაბურ ბოლო სარაკეტო თავდასხმას, დაინახავთ, რომ ერთდროული სარაკეტო ზალპის დროს ნახევარკუნძულიდან რაკეტების გაშვების მხოლოდ ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება“, - ამბობს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური.

სამეთაურო პუნქტში, სადაც რეალური დროის რეჟიმში აკვირდებიან ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, თითოეული იქ მყოფის მთავარი მიზანია, ყირიმი აღარასდროს წარმოადგენდეს პლაცდარმს რუსი სამხედროებისთვის.

რობერტ ბროვდის თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს იმისთვისაც, რომ ანექსირებულმა ნახევარკუნძულმა დაკარგოს სამხედრო-საზღვაო ბაზის როლიც.

„ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ტრანზიტისა და მისი მსხვილ ტანკერებში ჩასატვირთად გადაზიდვისთვის გამოყენებული ორასზე მეტი ბარჟა მწყობრიდან გამოვიყვანეთ, უბრალოდ შეზღუდული კი არა, მთლიანად შეჩერებულია. აზოვის ზღვაში მოძრაობა შეზღუდულია. ქერჩის სრუტე განუსაზღვრელი ვადით დაკეტილია და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ის მოულოდნელად, თუნდაც სპონტანურად, არ ამოქმედდეს ომის დაფინანსების მიზნით ან პუტინის მიერ სატრანზიტო მარშრუტად გამოყენებისთვის“, - განაცხადა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა.

2014 წლის მარტში ჩატარებული, დე ფაქტო „რეფერენდუმის“ საფუძველზე, რომელსაც მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება და მისი არც თუ ისე მრავალრიცხოვანი მოკავშირეები ცნობენ ლეგიტიმურად, ყირიმის ნახევარკუნძული კრემლის საოკუპაციო არმიამ დაიკავა, არადა 23 წლით ადრე თავად მოსკოვმა აღიარა თანამედროვე უკრაინის საზღვრები სწორედ ამ ტერიტორიის ჩათვლით.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდანვე კიევში გაცხადებული მიზანი აქვთ, ყირიმზე კონტროლი დაიბრუნონ, ბოლო თვეების განმავლობაში ეს რიტორიკა უფრო გამძაფრდა. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზანი არის ნახევარკუნძულის „სრულ იზოლაციაში მოქცევა“ და მისი „კუნძულად გადაქცევა“. ამ პოზიციას აქტიურად უჭერდა მხარს ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვიც, რომლის მმართველობის დროსაც ეს კამპანია წარმატებით დაიწყო.

რობერტ ბროვდი შიშობს, რომ თუ კიევმა დროულად არ იმოქმედა, შესაძლოა, რამდენიმეთვიანი შრომა წყალში ჩაიყაროს - ამის სათქმელად კი მას რამდენიმე მიზეზი აქვს. რუსეთი აშენებს Starlink-ის მსგავსი თანამგზავრული კავშირის საკუთარ სისტემას, ასევე უკრაინას უჭირს „შაჰედის“ ტიპის დრონებისა და ბალისტიკის განეიტრალება, რომლებსაც მოსკოვი სწორედ ანექსირებული ტერიტორიიდან უშვებს.

მისივე თქმით, ყირიმის ნახევარკუნძული არის უკანასკნელი, რომელსაც მოსკოვი დათმობს, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამიტომ უკრაინამ მთელი ყურადღება სწორედ ამ ტერიტორიისკენ უნდა მიაპყროს, თუ სურს სცენარი მის სასარგებლოდ წარიმართოს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის მიზანია, ანექსირებული ყირიმი რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით „გამოუსადეგარი“ გახდეს ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ბალისტიკურ ტერორზე დებს ფსონს