ოქსფორდის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ფინანსებთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესი აჩქარებს ტვინის დაბერებას და დიდ გავლენას ახდენს მეხსიერების დაქვეითებაზე.
გაერთიანებულ სამეფოში გამოკვლეულ 2 759 პირზე დაყრდნობით, ექსპერტებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ 53 წლისთვის იმ ადამიანებს, რომლებიც მატერიალურ პრობლემებზე ხშირად შფოთავდნენ, კოგნიტური ფუნქციები უქვეითდებოდათ, განსხვავებით მათგან, ვინც დიდად არ დარდობდა ფულად შემოსავალზე. ამავე კატეგორიის ადამიანებს 71 წლისთვის ტვინის ატროფია უფიქსირდებოდათ.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ 53-დან 69 წლამდე ასაკის პირებს შორის, ვერბალური მეხსიერების შემდგომი გაუარესება შენელებული იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ახალგაზრდობის პერიოდში დაუქვეითდა.
კვლევის ავტორების განცხადებით, ეს კავშირი, შესაძლოა, აიხსნას იმით, რომ ფინანსური სირთულეები ზრდის კოგნიტურ დატვირთვას და ამცირებს ტვინის იმ რესურსს, რომელიც ხელმისაწვდომია ისეთი პროცესებისთვის, როგორიცაა ყურადღება და გადაწყვეტილების მიღება.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფინანსური სტრესის გავლენა დაბერებულ ტვინზე უფრო ძლიერია მამაკაცებს შორის, არახელსაყრელ პირობებში გაზრდილ ადამიანებს შორის, ასევე მათ შორისაც, ვისაც ალცჰაიმერის დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს.
როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, თუ ფინანსურ სირთულეებს ქრონიკულ მდგომარეობად ქცევის საშუალებას არ მივცემთ, ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დარღვევებისა და ისეთი დაავადებებისგან დაცვას, როგორიცაა დემენცია.
საგულისხმოა, რომ დემენცია გლობალური ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
2019 წელს ამ დიაგნოზით 57 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა და მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის მათი რაოდენობა სამჯერ გაიზრდება, რაც ნიშნავს ამ მაჩვენებლის 150-მილიონიანი ნიშნულისთვის გადაჭარბებას.
