კატეგორიები

ევროპის ჯანდაცვის სექტორი პოტენციური რისკებისთვის ემზადება

ევროპის ჯანდაცვის სექტორი პოტენციური რისკებისთვის ემზადება
იმ ფონზე, როდესაც მზარდი რუსული აგრესიის გათვალისწინებით, ევროპა თადარიგს იჭერს და უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობისთვის ემზადება, კონტინენტის ქვეყნების მთავრობები თავდაცვის სფეროში მილიარდობით ინვესტიციას დებენ, აძლიერებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს უსაფრთხოების უფრო სახიფათო გარემოსთვის ამზადებენ.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ფრონტის ხაზი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება - ევროპის ჯანდაცვის სექტორი, მისი საავადმყოფოები, სამედიცინო პერსონალი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები.

სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმებიდან დაწყებული, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიოლოგიური საფრთხეებით დამთავრებული, ფართომასშტაბიანმა კონფლიქტმა ჯანდაცვის სისტემები, შესაძლოა, უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მოაქციოს.

ამასთან, ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბიოტექნოლოგიაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა ამავდროულად ახალ რისკებსაც აჩენს. შედეგად, ევროპისთვის არსებული საფრთხეების წინასწარ განსაზღვრა სულ უფრო რთული ხდება.

ნორვეგიის გენერალური ქირურგისა და NATO-ს სამხედრო სამედიცინო სამსახურების ხელმძღვანელთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბრიგადის გენერალ პეტერ ივერსენის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის სათანადო მზადყოფნა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საკითხი არ არის - ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.

ეს ნიშნავს მზადყოფნას არამხოლოდ სამხედრო თავდასხმის უშუალო შედეგებთან გასამკლავებლად, არამედ იმის უზრუნველსაყოფადაც, რომ საავადმყოფოებმა შეძლონ დაშავებულთა მასობრივი ნაკადების მიღება და მკურნალობა, სამედიცინო მარაგების უწყვეტი ხელმისაწვდომობის შენარჩუნება და ის, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ საგანგებო და არაორდინარულ ვითარებაში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რამდენიმე კრიზისი ერთდროულად ვითარდება.

ექსპერტების შეფასებით, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა და იმ ჯანმრთელობისთვის კატასტროფული შედეგების საფრთხე, რაც მოჰყვება ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მსგავსმა თავდასხმამ, შესაძლოა, წარმოქმნას პაციენტების უზარმაზარი რაოდენობა, რომელთაც მკურნალობის სრულიად განსხვავებული მეთოდები დასჭირდებათ. ასეთი ვითარება კი ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებზე უპრეცედენტო ზეწოლას მოახდენს.

მშვიდობიან პერიოდში მაღალსპეციალიზებული სამედიცინო მომსახურება აუცილებელია.

თუმცა, ომის ან მასშტაბური კრიზისის დროს ჯანდაცვის სისტემებს შესაძლოა უფრო ფართო პროფილის მომსახურებაზე გადასვლა დასჭირდეთ, რათა სამედიცინო პერსონალმა და სამედიცინო დაწესებულებებმა შეძლონ მოქნილი რეაგირება პაციენტების მოულოდნელად დიდი ნაკადის მიღების შემთხვევაში.

ევროპის ჯანდაცვის უწყებებისთვის უკრაინაში მიმდინარე ომმა ბევრი ასეთი სცენარი თეორიული სავარჯიშოდან პრაქტიკულ გამოცდილებად და მნიშვნელოვან გაკვეთილად აქცია.

საავადმყოფოები და სასწრაფო დახმარების მანქანები თავდასხმების სამიზნე გახდნენ. სამედიცინო პერსონალს სულ უფრო სახიფათო პირობებში უწევს მუშაობა. ამასთან, კონფლიქტმა წარმოშვა ჯანდაცვის ისეთი საჭიროებები, რომლებიც ბრძოლის ველზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ფარგლებს გაცილებით სცდება.

უკრაინის გამოცდილებამ ნათლად წარმოაჩინა ტრავმული დაზიანებების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სერვისების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ფსიქიკური ჯანმრთელობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მთლიანად მოსახლეობისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივი ზეწოლის პირობებში უწევს მუშაობა.

ექსპერტები მოუწოდებენ ლიდერებს, ყურადღება მხოლოდ საავადმყოფოების შენობებსა და აღჭურვილობაზე არ გაამახვილონ და არ დაივიწყონ ის ადამიანები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ: ექიმები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი და დამხმარე თანამშრომლები.

სამედიცინო პერსონალს ასევე სჭირდება შესაბამისი აღჭურვილობა, მომზადება და ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის გაგრძელება და საგანგებო ვითარების დადგომისას ეფექტიანი რეაგირება.

დაკავშირებული ამბები
ევროპის ჯანდაცვის სექტორი პოტენციური რისკებისთვის ემზადება ჰაერის დაბინძურების ზრდა უარყოფითად აისახება თქვენს ძილზე