ირანის ნახევრად-ოფიციალური მედია ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის კადრებს ავრცელებს. კადრებში, ირანის უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ, ფიკჰის, ანუ ისლამური სამართლის ლექციას კითხულობს.
უცნობია, სად და როდის არის გადაღებული კადრები და რატომ გაავრცელა რეჟიმთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტომ ახლა. Mehr News-მა 2026 წლის მარტში უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, ამავე ვითარებაშია გადაღებული. ახლადგამოქვეყნებულ კადრებში კი, სავარაუდოდ, მოჯთაბა ხამენეის ლექციის სხვა კადრებია ასახული.
მიიჩნევა, რომ მოჯთაბა ხამენეიმ სწავლება 2024 წელს შეწყვიტა.
ომის დაწყებიდან კი საჯაროდაც არცერთხელ გამოჩენილა - მათ შორის არც მამამისისა და ირანის სულიერი ლიდერის პოზიციაზე მისი წინამორბედის, სამხედრო იერიშების პირველივე დღეს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის გრანდიოზულ, რამდენიმედღიან დაკრძალვაზე.
2026 წლის თებერვლის მიწურულს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი საზოგადოებას წერილობითი განცხადებებით მიმართავს ხოლმე. ამ წერილებს სახელმწიფო მედიის ეთერებიდან კითხულობენ ხოლმე.
გავრცელებული ინფორმაციით, ომის საწყის ეტაპზე იგი სერიოზულად დაშავდა. იმ ფონზე, რომ ირანის უზენაეს ლიდერად არჩევიდან ლამის ნახევარი წლის შემდეგ მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ კვლავ არ ჩანს, საფუძვლიან კითხვებს აჩენს მის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობები სულაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მოჯთაბა ხამენეი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დარტყმების დაწყებისას მამასთან ერთად დაიღუპა.
