ევროპაში სითბური ტალღების შედეგად იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 27 ქალაქში, რომლებიც ტემპერატურის მონიტორინგის ეროვნული სისტემის მეთვალყურეობის ქვეშაა, განგაშის წითელი დონე გამოაცხადა.
განგაშია გამოცხადებული ჩრდილოეთის ქალაქ ტრიესტიდან სიცილიის პალერმომდე. ხელისუფლების თქმით, ჯანმრთელობის საფრთხე ემუქრებათ არა მხოლოდ დაუცველ ჯგუფებს, არამედ მთელ მოსახლეობას.
ავსტრიაშიც რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა. 5 აგვისტოს სლოვაკეთის საზღვართან ახლოს ტემპერატურამ 41.2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ავსტრიაში მოსალოდნელია გვალვაც.
მეზობელ უნგრეთში ხანგრძლივმა გვალვამ და მდინარე დუნაიზე წყლის რეკორდულად დაბალმა დონემ მძიმედ იმოქმედა ქვეყნის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რეაქტორების გასაგრილებლად მდინარის წყალს იყენებს.
პაკშის სადგურის ოპერატორებმა ელექტროენერგიის გამომუშავება 10%-ამდე შეამცირეს. ხელისუფლებამ მსხვილ სამრეწველო მომხმარებლებსა და მოსახლეობას მოუწოდა, ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ.
გერმანიაში გვალვამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ტრანსპორტსა და მრეწველობაზე, რადგან რაინსა და სხვა მდინარეებზე წყლის დონე კვლავ იკლებს.
ბალკანეთში სითბურმა ტალღამ პიკს 6 აგვისტოს მიაღწია, როდესაც ტემპერატურა 40 გრადუსს მიუახლოვდა, ხელისუფლება კი გვალვასა და ხანძრებს ებრძოდა.
სერბეთში მშრალი ამინდების შემდეგ მეხანძრეები ხანძრის რამდენიმე კერის ლოკალიზებას ცდილობდნენ.
მეზობელ ხორვატიაში, დუბროვნიკში, ტურისტები ჩრდილს აფარებდნენ თავს, რადგან ტემპერატურა ადრიატიკის სანაპიროზე მკვეთრად გაიზარდა.
