კატეგორიები

ბელარუსმა Euronews-ის ვებგვერდი „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა

ბელარუსმა Euronews-ის ვებგვერდი „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა
ალექსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლებამ Euronews-ის ვებგვერდი „ექსტრემისტულ“ მედიასაშუალებად გამოაცხადა და, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის შეიყვანა „ექსტრემისტული მასალების გამავრცელებელთა სიაში“.

ამ ნაბიჯის შედეგად, ბელარუსში შეიზღუდა Euronews-ის ვებპლატფორმაზე წვდომა, მკითხველებს კი, შესაძლოა, დაეკისროთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მედიასაშუალების მასალების „შენახვისა და გავრცელებისთვის“.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ბელარუსი მოქალაქეებისთვის Euronews-ი წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო ახალი ამბების მიმწოდებელი, ფაქტობრივად, ერთადერთი წყარო. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა, მინსკი შეუერთდა მოსკოვის პოლიტიკას, რომელმაც კრემლის მსგავსად საკუთარ ტერიტორიაზე შეზღუდა Euronews-ის როგორც სოციალური არხების ოპერირება, ისე სატელევიზიო მაუწყებლობა.

გარდა საერთაშორისო ამბების პან-ევროპული პერსპექტივით წარმოდგენისა, კონტინენტის მთავარი საინფორმაციო მედიასაშუალება აქტიურად აშუქებს უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, ასევე მაყურებელსა და მკითხველს სთავაზობს საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამედიცინო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, სპორტული და ტურისტული მიმართულებებით. ამასთან, მედიასაშუალება აძლევს აუდიტორიას შესაძლებლობას, გაარჩიონ ყალბი და ნამდვილი ამბები.

ბელარუსის გადაწყვეტილება დაგმო Euronews-ის მთავარმა რედაქტორმა, კლაუს შტრუნცმა, რომლის თქმითაც, სახელმწიფო, რომელიც Euronews-ს „ექსტრემისტულად“ აცხადებს და ზღუდავს წვდომას დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ ჟურნალისტიკაზე, მკაფიოდ აჩვენებს მოვლენათა თავისუფალი გაშუქებისადმი საკუთარ შიშს.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ არ იყო ცნობილი და ელიან ახსნა-განმარტებას ბელარუსის მთავრობისგან.

საგულისხმოა, რომ ვიდრე მოსკოვი მიიღებდა Euronews-ის რუსულენოვანი სატელევიზიო არხის მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ეს ნაბიჯი მინკსმა 2021 წელს გადადგა.

დაკავშირებული ამბები
სითბური ტალღის შედეგად იტალიის ქალაქებში განგაშის წითელი დონე მოქმედებს ევროკავშირი ესპანეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გადაცემას განიხილავს