ანკარაში მიიჩნევენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციას არ სურს, რეგიონული მშვიდობის მიღწევა, რაც, როგორც ამბობენ, დასტურდება კიდეც თელ-ავივის ბოლოდროინდელი ქმედებებით - მათ შორის ღაზის სამშვიდობო შეთანხმებაზე ფაქტობრივი უარის თქმით.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებით, მორიგ ჯერზე გაცხადდა ის დაძაბულობა თურქულ და ისრაელურ მხარეებს შორის, რომელიც მეტად გამწვავდა ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო სპეცოპერაციისას.
„მიუხედავად ღაზასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, ისრაელის მხრიდან განგრძობადმა თავდასხმებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნეთანიაჰუს მშვიდობა არ სურს. ისრაელის მთავრობის მიზანია სამშვიდობო ძალისხმევის ჩაშლა და პალესტინელების ღაზიდან განდევნა. ეს მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს, ღაზა გადააქციოს ადგილად, სადაც პალესტინელებისთვის ცხოვრება შეუძლებელი იქნება. ვხედავთ, რომ ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია აძლიერებს ტერორისტულ თავდასხმებს დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმზე“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა.
ანკარასა და თელ-ავივს შორის ურთიერთობები არანაირ დონეზე აღარ არსებობს. ერთ დროს პარტნიორმა თურქეთმა არამხოლოდ შეწყვიტა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ისრაელთან, არამედ აკრძალა მათი გემების პორტებში შესვლა და დაკეტა საჰაერო სივრცე ისრაელური ავიაციისთვის. ეს ყველაფერი კი, პირველ რიგში, ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლება არაერთხელ და მწვავედ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრს „ომის დამნაშავედ“ მოიხსენიებს, ღაზაში გამოწვეულ მდგომარეობას კი „მძიმე დანაშაულებად“ და „ჰუმანიტარულ კატასტროფად“ აფასებს.
როგორც წესი, მსგავს შეფასებებზე პასუხი არც თელ-ავივიდან აყოვნებს, სადაც აცხადებენ, რომ ასეთი პოზიციით ანკარა ნათლად აჩვენებს, ვის უჭერს მხარს თურქეთი.
თავის მხრივ, დიპლომატების შეხვედრაზე, ისრაელის ქმედებები დაგმო სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი აქცენტი ძირითადად ლიბანისა და ერაყისკენ იყო მიმართული, სადაც ისრაელი აცხადებს, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვის, ასევე სპარსეთის ყურის იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარე ომის ფარგლებში გახდნენ ირანული თავდასხმების სამიზნენი.
„აშკარაა, რომ რეგიონი ერთი მიმართულებით მიიწევს -სტაბილურობისკენ, რომელიც ნებისმიერი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების საქმიანობის შეწყვეტას ეფუძნება. შევთანხმდით, მხარი დავუჭიროთ ჩვენი ძმური ერების -ერაყისა და ლიბანის - ძალისხმევასა და ნაბიჯებს, რომლებიც მათი ქვეყნების სუვერენიტეტის გაძლიერებას და იარაღზე კონტროლის ეროვნული ინსტიტუტების ხელში მოქცევას ისახავს მიზნად. ეს ბოლოს მოუღებს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც რეგიონში არასტაბილურობასა და ზეწოლას იწვევს. ამ პროცესების წარმატებით დასრულება, სირიაში მიღწეულ პროგრესთან ერთად, შექმნის მშვიდობის რეგიონულ ქსელს, რომელიც ჩვენს რეგიონს გაამყარებს და განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ წაიყვანს.
მკაცრად ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმასა თუ აგრესიის აქტს ჩვენი მოძმე სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისადმი. ამ კონფრონტაციისგან სპარსეთის ყურის ქვეყნების გათავისუფლება უპირველესი აუცილებლობაა, ხოლო მათი სტაბილურობა - უმნიშვნელოვანესი საყრდენი რეგიონული უსაფრთხოების სისტემისთვის“, - განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ალ-შიბანმა.
სირიის საკითხი თურქეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია - თუ არა ერთ-ერთი უპირატესი. ამის გამო, ანკარასა და ვაშინგტონს შორის საკმაოდ რთული და ბევრისთვის ამოუხსნელი ურთიერთობები ნარჩუნდება.
მხარეებს თან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და თან უთანხმოება ქურთული შეიარაღებული დაჯგუფებების მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკის გამო.
ვაშინგტონისთვის თურქეთი NATO-ს სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა ანკარას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ხშირად იწვევს უკმაყოფილებას.
დაძაბულობა შტატებსა და ისრაელს შორის, შესაძლოა, წაადგეს თურქეთს, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, როცა დონალდ ტრამპი ღაზაში ომის საბოლოო დასრულებისკენ მიისწრაფვის.
5 აგვისტოს ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია არ დატოვებს ღაზის სექტორში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ სრულად არ განიარაღებდა.
ამ პოზიციის დაფიქსირებით, თელ-ავივმა, ფაქტობრივად, ოფიციალურად უარყო პრეზიდენტ ტრამპის მიერ 31 ივლისს შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება, მის მიერვე შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ ფარგლებში.
