კატეგორიები

ნეთანიაჰუს თქმით, არ დაუშვებს, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. გაერო ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობს

ნეთანიაჰუს თქმით, არ დაუშვებს, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. გაერო ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობს
„ისრაელის პრინციპული პოზიციაა, არ დაუშვას ირანს ჰქონდეს ბირთვული შეიარაღება“ - აცხადებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის თქმითაც, თეირანი არ წყვეტს საკუთარ ამბიციებს გამანადგურებელი იარაღის შესაქმნელად, რომელიც, როგორც თელ-ავივში ამბობენ, მიმართული იქნება ისრაელის სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად.

ქვეყნის პოლიტიკური მეთაურის სიტყვებით, ნებისმიერ შეთანხმებაში, რომელიც განიხილება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის, პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით, ვერანაირი ფორმით ვერ იქნება განხილული ისრაელის არსებობა-არარსებობის საკითხი.

„დღეს მოვისმინეთ „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ სარდლის, აჰმად ვაჰიდის პირდაპირი განცხადება, რომ ირანი განზრახულია გააგრძელოს ბირთვული იარაღის განვითარება. მან თავად თქვა - „გააგრძელოს“. მაშ, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი, მეც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელო და არ დავუშვა, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენი დიდი მეგობარია - შეიძლება ითქვას, საუკეთესო მეგობარი, რომელიც თეთრ სახლში ოდესმე გვყოლია. შეერთებული შტატები ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა და ეს ყველას კარგად ესმის. ჩვენ დიდად ვაფასებთ შეერთებულ შტატებთან ერთობლივ ძალისხმევას ირანის ბირთვული ამბიციების წინააღმდეგ, თუმცა, ასევე მსურს განვაცხადო, რომ ისრაელის არსებობა განხილვის საგანი არ არის მიუხედავად იმისა, იქნება შეთანხმება თუ არა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პარალელურად, ისრაელის არმია აცხადებს, რომ ლიბანის სამხრეთით მათი ორი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც მათ რიგებში პირველი დანაკარგია ივნისში თელ-ავივსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა. ისრაელური მედია იუწყება კიდევ 4 ჯარისკაცის მძიმედ დაშავების შესახებ.

ისრაელმა მომხდარი შეაფასა როგორც ისედაც მყიფე სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა და სოფელ მანსურის მოსახლეობას მოუწოდა, დუყოვნებლივ დატოვონ სახლები - საგულისხმოა, რომ ასეთი ტიპის გამაფრთხილებელი განცხადებას ბოლო კვირების განმავლობაში პირველია.

ამავდროულად, გაეროში, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომაზე ტერორიზმთან ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელს მოუსმინეს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მზარდი დაძაბულობის რისკებზე მიუთითეს და განაცხადეს, რომ მიუხედავად ბოლო წლებში, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი წრის წარმომადგენლების ლიკვიდირებისა, გასამხედროებული ორგანიზაცია, შესაძლოა, კვლავ აღორძინდეს.

გაეროში ითქვა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კვლავ რჩება საფრთხედ, მიუხედავად კონტრტერორისტული ღონისძიებების გატარებისა.

„ერაყში ანტიტერორისტული ზეწოლის უწყვეტმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად შეზღუდა „დაეშის“ შესაძლებლობები. ახლა მთავარი გამოწვევაა ამ მძიმე ბრძოლით მოპოვებული შედეგების განმტკიცება ძლიერი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, მართლმსაჯულების ეფექტიანი ადმინისტრირებისა და რეინტეგრაციის პროგრამების, ასევე იმ პირობების აღმოფხვრის გზით, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ დაჯგუფების ხელახლა გაძლიერებას“, - თქვა გაეროს კონტრტერორისტული ოფისის უფროსმა, ოგულიერენ ნიაზბერდიევამ.

„ჯიჰადისტური საფრთხის გარდა, ირანი და მისი მარიონეტები, მათ შორის ჰუსიტები, „ჰეზბოლა“, „ჰამასი“ და ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფებები ერაყში, კვლავ აგრძელებენ ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას და საკუთარი გავლენის გაფართოების მცდელობას. ინფორმაციის გაცვლის გაძლიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რათა მათ ვერ შეძლონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მოპოვება და შეიზღუდოს მათი მოქმედების შესაძლებლობები“, - თქვა გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა.

ექსპერტები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ურთიერთიერიშების პერიოდული განახლება და კონფლიქტში როგორც ცალკეული სახელმწიფოების, ისე მათთან დაკავშირებული გასამხედროებული დაჯგუფებების ჩართვა, არამხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს დააყენებს ახალი ტერორისტული საფრთხეების წინაშე.

დაკავშირებული ამბები
ნეთანიაჰუს თქმით, არ დაუშვებს, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. გაერო ტერორისტულ საფრთხეებზე საუბრობს ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების მარშრუტზე შეთანხმდნენ