ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების მარშრუტზე შეთანხმებას მიაღწიეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ამზადებენ, რომელიც შეთანხმების ტექნიკურ, სამართლებრივ, უსაფრთხოების და გარემოსდაცვით მხარეებს შეეხება.
ამასთან, ირანული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეწყვეტს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას.
შეთანხმების მთავარი ასპექტია ირანის მოთხოვნა, რომ სრუტეში გადაადგილებისთვის გადასახადი დაწესდეს. თეირანი მიიჩნევს, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის სრუტეს თავად უნდა აკონტროლებდეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები კი დაჟინებით მოითხოვენ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ გადაადგილებას - როგორც ამას გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია ითვალისწინებს.
„იმ პირობით, რომ მესამე მხარე პროცესს ხელს არ შეუშლის, ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ძირითადი მოსაზრებები და პუნქტები იქნება ასახული, ამჟამად განხილვის პროცესში და საბოლოო სახეს იღებს,“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მან „მესამე მხარედ“ შეერთებული შტატები მოიხსენია.
ისმაელ ბაღაიმ ისიც ხაზგასმით თქვა, რომ მხოლოდ ირან-ომანის შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები „საზღვაო ბლოკადასა და ირანისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვა ქმედებებს“ აგრძელებს.
შეთანხმების გამოცხადებამდე ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირან-ომანის მოლაპარაკებების მიზანი ჰორმუზის სრუტეში „შუა დერეფნის“ შექმნაა, რომელსაც ორი ქვეყანა ერთობლივად გააკონტროლებს.
ირანის კიდევ ერთი სახელმწიფო მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ შეთანხმება სრუტეს დაუყოვნებლივ არ გახსნიდა - ეს იმის გამო, რასაც თეირანი „ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დარღვევებს უწოდებს“. ამავე ცნობით, მოლაპარაკებებს „შეერთებულ შტატებთან არანაირი კავშირი არ აქვს“.
თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს ღამით Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ვაშინგტონიც მონაწილეობს, და თანაც, პროცესი „ძალიან კარგად მიდის“.
„სრუტე ძალიან მალე გაიხსნება, ან ისინი ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
