ჩრდილოკორეულმა სარაკეტო დანაყოფებმა რუსეთის დასავლეთით, ვორონეჟის ოლქში განლაგება დაიწყეს - ასეთია უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის ცნობა, რომელიც სააგენტო Reuters-ს ესაუბრა.
წყაროს თანახმად, ფხენიანი მოსკოვს უზრუნველყოფს 120 ბალისტიკური რაკეტითა და ექვსი გამშვები დანადგარით. ამასთან, ვორონეჟის ოლქში კრემლის მოკავშირე აზიური სახელმწიფო 112-ე სარაკეტო ბრიგადის 90-მდე სამხედროს გზავნის. ეს ყველაფერი კი უკრინის წინააღმდეგ დარტყმების გასაძლიერებლად და ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისუსტეების გამოსაყენებლად.
ამ სისუსტეების შესახებ კარგადაა ცნობილი კრემლისთვის და სწორედ ამიტომ, ძირითადად კიევის მიმართულებით, რუსული საოკუპაციო არმია უპილოტო საფრენი აპარატების ნაცვლად, უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს ბალისტიკური რაკეტების გაშვებას, რომელთა ჩამოგდებაც ჩვეულებრივ რაკეტებთან შედარებით, გაცილებით რთულია, მით უმეტეს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გარეშე.
თავად უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 5 აგვისტოს მძლავრი იერიშებისას, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ვერცერთი ბალისტიკური რაკეტის განეიტრალება ვერ შეძლეს, რითაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ჯერზე მოუწოდა პარტნიორებს, ამ მიმართულებით კიევისადმი მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით არ გამოხატონ.
სააგენტო Reuters-თან საუბრისას, უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრი ჩერნიაკმა თქვა, რომ ვაშინგტონისთვის ცნობილია ფხენიანისა და მოსკოვის ამ ერთობლივი ქმედებების შესახებაც, თუმცა არც მას უსაუბრია დეტალებზე და არც ამერიკულ დაზვერვას გაუკეთებია რაიმე კომენტარი.
კიევისთვის ჩრდილოკორეული ბალისტიკა სიახლე არ არის. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მათი გამოყენება მოსკოვმა ივლისის ბოლოდან გაახშირა. ფხენიანმა რუსულ მხარეს ბოლო პერიოდში მიაწოდა 40 ერთეული KN-23-ისა და KN-24-ის ტიპის ბალისტიკური საფრენი აპარატი, რაც სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, დიდ საფრთხეს წარმოადგენს კიევისთვის. მათი პოზიციით, ფრონტის ხაზზე წარუმატებლობისა და რუსეთის სიღრმეებში უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად გამოწვეული კოლოსალური ზიანის გადაფარვას კრემლი ფხენიანის შეიარაღების გამოყენებით უპასუხებს.
ექსპერტები შიშობენ, რომ მოსკოვი ბალისტიკის უფრო აქტიურ გამოყენებას დაიწყებს შემოდგომის ბოლოდან, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
საგულისხმოა, ჩრდილოკორეული რაკეტები მაღალი სიზუსტით არ გამოირჩევა, თუმცა ისინი რუსული წარმოების რაკეტებზე გაცილებით დიდია და სამიზნემდე მიღწევის შემთხვევაში, მასშტაბური ზიანის გამოწვევა შეუძლია. ეს უკრაინამ იწვნია გასულ კვირაში, რადუშნეს დასახლებაში, როდესაც ფხენიანის მიერ წარმოებული რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა.
