ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არმია არ დატოვებს ღაზის სექტორში მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ სრულად არ განიარაღებდა, რითაც თელ-ავივმა ოფიციალურად უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 31 ივლისს შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს არის ისრაელის სახელმწიფოს „პრინციპული პოზიცია“, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებთან.
„პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ, „ჰამასი“ განაიარაღონ და ღაზა დემილიტარიზებული გახადონ. მათ თავიანთი პროექტი გამოგვიგზავნეს, თუმცა მას არ დავეთანხმეთ. ეს ჩვენი პროექტი არ არის. ჩვენ მათ ჩვენი შენიშვნები გავუგზავნეთ.
სხვათა შორის, ჩვენი შენიშვნები მანამდეც გავაგზავნეთ, ვიდრე ამ საკითხზე მედიაში რაიმე კამპანია დაიწყებოდა, რადგან ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს ინტერესებს და ვფიქრობ, ამას გონივრულად და მტკიცედ ვაკეთებთ.
მტკიცედ ვიცავ ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენი ამჟამინდელი პოზიციებიდან უკან არ დავიხევთ, ვიდრე „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ტრამპის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების ამ ფორმით უარყოფა მეტად ამყარებს ეჭვს, რომ ისრაელის პრემიერსა და თეთრი სახლის ლიდერს შორის მართლაც არსებობს სერიოზული დიპლომატიური დაძაბულობა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შეხვედრები თეთრ სახლში ივლისის ბოლოს შედგა.
მსგავსი ურთიერთობები, ნაკლებად სავარაუდოა, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის სარგებლის მომტანი იყოს 27 ოქტომბრის საკვანძო საპარლამენტო არჩევნების წინ, სადაც მის მეტოქეს, გადი ეისენკოტს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს.
დონალდ ტრამპის მიერ 31 ივლისს გამოცხადებული „ისტორიული შეთანხმების“ მიხედვით, რომელიც მისი თავმჯდომარეობითვე შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ ფარგლებში ჩამოყალიბდა, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განიარაღების გეგმა დასახულია როგორც მიზანი, მრავალწლიანი ომის დასრულებისკენ და ღაზის მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებისკენ.
ვაშინგტონის ცნობით, შეთანხმების შესაბამისად, პირველ ეტაპზე ღაზის პოლიცია ჩააბარებს იარაღს, რასაც მოჰყვება ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მძიმე შეიარაღების, მათი საწყობებისა და გვირაბების დათმობაც. საუბარია ხანგრძლივ პროცესზე, რომელსაც საერთაშორისო ძალები უხელმძღვანელებენ.
ანალიტიკოსების გათვლებით, მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკი გაწერილი არ არის, ამ პროცესს, სულ მცირე, 200-დან 350 დღემდე დასჭირდება.
