სულ მცირე, 15 დაღუპული და ათობით დაშავებული - ასეთია 5 აგვისტოს ღამით კიევსა და კიევის ოლქზე მორიგი რუსული, მასირებული საჰაერო იერიშების სტატისტიკა.
კრემლის საოკუპაციო არმია, უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით სამიზნეში კვლავ იღებს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს, საცხოვრებელ კორპუსებს, სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთა უმრავლესობას მორიგი ღამის გატარება ბომბსაფრებში ან მეტროსადგურებში მოუწია.
დარტყმებს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, თუმცა რუსული მხარის მტკიცებით, იერიშების სამიზნე იყო კიევსა და მის შემოგარენში არსებულ ტერიტორიებზე განლაგებული სასაწყობე ფართები და როგორც „სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ისე გამანაწილებელი ცენტრები“.
მოსკოვში ირწმუნებიან, რომ სწორედ ეს ობიექტები იყო ჩართული „სხვადასხვა ტიპის შეიარაღებისა და სამხედრო დანიშნულების ნივთების წარმოება-შენახვის პროცესში“.
უკრაინის დედაქალაქის თავზე მოწინააღმდეგის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ისევ ვერ მოხერხდა - ამის მიზეზი კი ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების, ფაქტობრივად, არარსებობაა. როგორც ჩანს, უკრაინა ვერ იღებს Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის წარმოებისთვის აუცილებელ ლიცენზიას, რადგან ვაშინგტონში ჯერ კიდევ ფიქრობენ, შეიარაღებას კი „საიდუმლოს“ უწოდებენ, თუმცა დაფიქრებამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას ლიცენზიის გადაცემას ერთ თვეში ორჯერ დაჰპირდა - ჯერ NATO-ს ანკარას სამიტზე, შემდეგ კი თეთრ სახლში მასპინძლობისას.
ანალიტიკოსებიც, უსაფრთხოების ექსპერტებიც და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც თანხმდებიან, რომ Patriot-ის სისტემების გარეშე შეუძლებელია რუსულ ბალისტიკასთან გამკლავება.
კიევზე მასირებული საჰაერო იერიშების დაწყებამდე კი მსოფლიო შეძრა კადრებმა რუსული არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონიდან, სადაც დრონი ადგილობრივ გარემოვაჭრეს დაედევნა, რაც თავად უკრაინის პრეზიდენტის მიერ შეფასდა როგორც „ნადირობა მშვიდობიან მოქალაქეზე“. კადრებში გამოჩნდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატისგან გაქცევა მამაკაცმა ვერ მოახერხა და დრონი აფეთქდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარემოვაჭრე გადარჩა და ის სამედიცინო დაწესებულებაში დამწვრობითა და სხვადასხვა სახის დაზიანებით გადაიყვანეს.
„ჩემი მეუღლე გაიქცა, როცა დრონმა მანქანის თავზე წრეების დარტყმა დაიწყო. ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ მხოლოდ ბოსტნეული გვქონდა. ვანიშნებდი: „ნახე, ბოსტნეულია.“ მაგრამ დრონი ჩემკენ წამოვიდა.
ვცდილობდი, გავრიდებოდი და თან ვანიშნებდი, რომ არაფერი მქონდა. ჩემმა მეუღლემ შორს გაქცევა მოახერხა და ყვიროდა: „იურა, გაიქეცი!“
მაგრამ სად უნდა გავქცეულიყავი? ირგვლივ მხოლოდ სტეპი იყო - დასამალი არსად იყო. ბუნკერისკენ? ამაზე ფიქრიც კი ვერ მოვასწარი. მართლა საშინელი იყო. ნამდვილად საშინელი“, - ამბობს იური, გარემოვაჭრე ხერსონიდან.
5 აგვისტოს ღამით, საპასუხო იერიშების გარეშე არ ჩაუვლია რუსეთისთვისაც. ტულას ოლქში კიევმა დრონებით იერიშები მიიტანა „ვაილდბერიზის“ მორიგ სასაწყობე ფართზეც, რის შედეგადაც ონლაინ სავაჭრო პლატფორმის კიდევ ერთი ობიექტი განადგურდა.
საგულისხმოა, რომ ეს დიდი დარტყმაა რუსული ეკონომიკისთვის, რომელიც ომის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაშია - გარდა დასავლური სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევისა, მოსკოვისთვის თავის სატკივარი გახდა გაზაფხულიდან გააქტიურებული უკრაინული იერიშები ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე, რომელთა ნაწილს მუშაობის შეჩერება მოუწია.
შედეგად, ნედლეულით მდიდარ ქვეყანაში საწვავის კრიზისი შეიქმნა, მოსახლეობას შეზღუდვები დაუწესდა, ადგილობრივ ხელისუფლებას კი მოუწია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებზე უარის თქმა - კერძოდ, ევრო 2-ისა და ევრო 3-ის სტანდარტების ბენზინისა და დიზელის წარმოებაზე მწვანე შუქის ანთება.
