უკრაინის დედაქალაქისა და კიევის ოლქის მიმართულებით გაშვებული, ჯამში 139 რუსული საბრძოლო საფრენი აპარატის კვალი ადგილობრივ მოსახლეობას დიდხანს გაჰყვება.
მოქალაქეები იხსენებენ მომენტს, როდესაც გამოცხადდა საჰაერო განგაში და ცნობილი გახდა, რომ მათი ადგილსამყოფელი მორიგ ჯერზე იქცა მოსკოვის სასტიკი იერიშების სამიზნე.
„საჰაერო განგაში დაახლოებით ღამის პირველის 18 წუთზე ჩაირთო. მაშინვე ვნახეთ, რომ ბალისტიკური რაკეტის საფრთხე იყო. სწრაფად გავეცით მითითება და საერთო ჩათშიც დავწერეთ, რომ ყველას დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა ტერიტორია და თავშესაფარში გადასულიყო.
ყველა გაიქცა, მე კი ყველას ვაბრუნებდი, რომ ზურგჩანთების წამოსაღებად უკან არ დაბრუნებულიყვნენ. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთ დროს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია.
შემდეგ ყველანი თავშესაფარში ჩავედით. დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე ძალიან ძლიერი, გამაყრუებელი აფეთქებების ხმა გაისმა. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს აფეთქებები პირდაპირ ჩვენ გვერდით, ან სულაც თავად საწყობში ხდებოდა“, - ამბობს საწყობის თანამშრომელი მიხაილო ჰუკოვი.
სამოქალაქო დანიშნულების საწყობების გარდა, რუსულმა საოკუპაციო არმიამ შეუტია პარკინგზე განლაგებულ სატვირთო მანქანებსაც.
„აფეთქების დროს სატვირთოს კაბინაში ვიყავით. აფეთქების შემდეგ ჩვენი სატვირთო ცეცხლის ალში გაეხვა, ახლოს მდგომ მეორე სატვირთოსაც ცეცხლი მოედო.
სასწრაფოდ გადმოვედით მანქანიდან. საბუთების ან სხვა ნივთების წამოღებაც კი ვერ მოვასწარით. მხოლოდ ერთი ჩანთა ტანსაცმელი გამოვიტანეთ და ეგ იყო.
შემდეგ სატვირთოს მოვშორდით. მინდოდა საბუთების გამოტანა მეცადა, მაგრამ ზურგი დამეწვა. უბრალოდ დრო აღარ გვქონდა. მანქანიდან გადმოვედით და გავიქეცით.
ვერ ვიჯერებდი, რაც მოხდა. კიევშიც ვიყავი ნამყოფი და აფეთქებების ხმაც მქონდა გაგონილი, მაგრამ დღევანდელს ვერაფერი შეედრებოდა. ვერც კი გაიგებდი, რომ რაკეტა მოდიოდა. არც კი ვიცი, რა იყო, მაგრამ მისი ხმა საერთოდ არ ისმოდა. მხოლოდ აფეთქების ტალღა დაეჯახა სატვირთოს კაბინას. კარგი მაინც ის იყო, რომ სატვირთოდან გადმოსვლა მოვასწარით“, - თქვა სატვირთოს მძღოლმა, ივან ბრაგამ.
კიევზე მასირებული საჰაერო იერიშების დაწყებამდე კი მსოფლიო შეძრა კადრებმა რუსული არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონიდან, სადაც დრონი ადგილობრივ გარემოვაჭრეს დაედევნა, რაც თავად უკრაინის პრეზიდენტის მიერ შეფასდა როგორც „ნადირობა მშვიდობიან მოქალაქეზე“.
კადრებში გამოჩნდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატისგან გაქცევა მამაკაცმა ვერ მოახერხა და დრონი აფეთქდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გარემოვაჭრე გადარჩა და ის სამედიცინო დაწესებულებაში დამწვრობითა და სხვადასხვა სახის დაზიანებით გადაიყვანეს.
