ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენისთვის შეთანხმებისკენ მიიწევენ. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ისმაილ ბაღაი აცხადებს, ომანთან მიმდინარე მოლაპარაკებები ორიენტირებულია შექმნას „უსაფრთხო შემომავალი და გამავალი დერეფნები“ - ისეთი მარშრუტები, რომლებიც „სუვერენულ უფლებებს იცავს და ამავდროულად როგორც ირანის, ისე ომანის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პასუხობს“.
„ამ მოლაპარაკებების საბოლოო შედეგები მათი დასრულების შემდეგ გამოცხადდება,“ - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელის განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა.
ორი რეგიონული ოფიციალური პირის თანახმად, რომლებიც Associated Press-ს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, შეთანხმება, რომელიც ჯერ ისევ ფორმირების პროცესშია, ითვალისწინებს, რომ გემები სპარსეთის ყურეში ირანის მიერ კონტროლირებული მარშრუტით შევლენ და ომანის მიერ კონტროლირებული მარშრუტით გამოვლენ. შეთანხმებით გათვალისწინებულია მომსახურების საფასური, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საზღვაო გარემოს დაცვას მოხმარდება.
იმავე წყაროები განმარტავენ, რომ მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და საბოლოო შეთანხმებამ შესაძლოა განსხვავებული ფორმა მიიღოს. თუმცა, ნებისმიერი შეთანხმება, სავარაუდოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეწყვეტს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების ბლოკადას. ტრამპის ადმინისტრაციას კი არაერთხელ განუცხადებია, შეთანხმებას, რომელიც ირანს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს მისცემს, მხარს არ დაუჭერს.
ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ირანის კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე ოფიციალურად დაადასტურებს, თეირანისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება იქნება. სწორედ ამიტომ, სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები ბლოკადის მოხსნაზე უარის თქმით შეთანხმების ჩაშლას შეეცდება.
ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადასახადის დაწესებას ეწინააღმდეგება და ამას არ დაუშვებს. „თუ ვინმე დააწესებს გადასახადს, ეს ჩვენ ვიქნებით“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ოთხშაბათს კი იგი ირანს კიდევ ერთხელ დაემუქრა და განაცხადა, რომ თუკი სრუტე ძალიან მალე არ გაიხსნება, ირანი ვაშინგტონისგან ძალიან მძიმე დარტყმას მიიღებს.
