კატეგორიები

დრონისა და საეჭვო ობიექტის გამოჩენამ გერმანიაში ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტის მუშაობა შეაფერხა

დრონისა და საეჭვო ობიექტის გამოჩენამ გერმანიაში ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტის მუშაობა შეაფერხა
დრონისა და საეჭვო ობიექტის გამოჩენამ გერმანიაში, ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტში ღამის განმავლობაში ფრენები შეაფერხა. ხელისუფლების თანახმად, აეროპორტის ერთ-ერთი ასაფრენი ბილიკის მუშაობა ოთხშაბათსაც შეჩერებული დარჩა.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ რამდენიმე რეისი, მათ შორის ერთი სამგზავრო თვითმფრინავი, სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.

 „ნაშუაღამევს აქ უცნობი მფრინავი ობიექტი დაფიქსირდა. აეროპორტმა და ყველა პარტნიორმა - მათ შორის აქ განთავსებულმა სატვირთო ავიაკომპანიებმა, ფედერალურმა და რეგიონულმა პოლიციამ დაუყოვნებლივ იმოქმედეს. ამ ტერიტორიაზე საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა და შეჩერება მოუწიათ, რის გამოც რამდენიმე თვითმფრინავის სხვა აეროპორტებში გადამისამართება გახდა საჭირო.

ამის დადასტურება ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გვჭირდება. რაც ცხადია, ისაა რომ ობიექტი დაფიქსირდა. ამაზე რეაგირება აუცილებელია, რადგან საქმე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტს ეხება. დაახლოებით იმავე დროს სამხრეთ ასაფრენ ბილიკზეც ნახეს ობიექტი, რომლის იდენტიფიცირება თავდაპირველად ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ფედერალურმა პოლიციამ ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა. მათ შესაძლო საფრთხე დაინახეს, გამოიძახეს შესაბამისი სპეციალისტები და ობიექტის პირველადი შემოწმება დაიწყეს. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, წარმოადგენს თუ არა ეს ობიექტი რეალურ საფრთხეს. ვფიქრობ, ეს დღის განმავლობაში გაირკვევა“, - ამბობს ოლაფ ჰოპი, ლაიფციგის პოლიციის წარმომადგენელი.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლეონარდ კამინსკიმ ინციდენტი დამატებითი დეტალების გამჟღავნების გარეშე დაადასტურა. მან არ ისურვა კომენტარის გაკეთება გერმანულ მედიაში გავრცელებული ცნობების შესახებაც, რომელთა თანახმადაც, დრონი უკრაინული თვითმფრინავის სიახლოვეს იპოვეს და მასზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორი იყო დამაგრებული.

კამინსკის თქმით, თვითმფრინავი, რომელიც ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, სავარაუდოდ, ჰაერში უცხო ობიექტს შეეჯახა, შემდეგ გერმანიის სხვა აეროპორტში, ჰანოვერში დაეშვა.

ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტი გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი ჰაბია, სადაც უკრაინული Antonov-ის სატვირთო თვითმფრინავებიც არიან განთავსებული.

2024 წელს აეროპორტის ლოგისტიკურ ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც სატვირთო კონტეინერს ცეცხლი გაუჩნდა. დასავლურმა უსაფრთხოების სამსახურებმა, ეს რუსეთის დაზვერვის მიერ ორგანიზებული დივერსიული გეგმის ნაწილად მიიჩნიეს.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რაიმე პირდაპირ კავშირს გასული ღამის ინციდენტსა და 2024 წლის შემთხვევას შორის, კამინსკიმ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ასეთ კავშირი არ იკვეთება.

დაკავშირებული ამბები
დრონისა და საეჭვო ობიექტის გამოჩენამ გერმანიაში ლაიფციგი/ჰალეს აეროპორტის მუშაობა შეაფერხა მერცის ნაბიჯი რეიტინგის ვარდნის შესამცირებლად - გერმანიის მთავრობაში ცვლილებებია