კატეგორიები

დონალდ ტრამპი ირანს „უკანასკნელ შანსს“ აძლევს

დონალდ ტრამპი ირანს „უკანასკნელ შანსს“ აძლევს
დონალდ ტრამპი ირანს „თავის მოკვეთამდე უკანასკნელ შანსს” აძლევს. ეს შანსი კი ის მოლაპარაკებებია, რომელსაც თეირანი სულაც უარყოფს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, რომ მიუხედავად ამ უარყოფისა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, და თანაც ირანისვე ინიციატივით.

დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს გამოუცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური, მისივე სიტყვებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ძლიერი დარტმისთვის იყო მზად, როცა ირანმა საუბარი ითხოვა. მისივე განმარტებით, თეთრი სახლი ამას საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიეროების, კატარისა და სხვა ქვეყნების თხოვნით დასთანხმდა.

დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ „კარგი დოკუმენტის“ ხელმოწერისთვის ეს ირანის უკანასკნელი შანსია, ვიდრე იგი გამანადგურებელი დარტყმების სამიზნე გახდება.

 „გუშინ ძალიან ძლიერად დარტყმას ვაპირებდით. ძალიან, ძალიან ძლიერად. უფრო ძლიერად, ვიდრე, ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნებისმიერი თავდასხმა ყოფილა. ეს საკმაოდ სერიოზულია. ჩვენ უკვე მზად ვიყავით, როცა მათ დაგვირეკეს. გარდა ამისა, დაგვიკავშირდა საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი. ბევრი მირეკავდა. არ მინდა, სიტყვა „ვედრება“ გამოვიყენო, მაგრამ ირანს არ სურდა, რომ მათთვის დაგვერტყა. მათ თქვეს, რომ საუბარი სურდათ - საუბარი ჰორმუზის სრუტეზე, და რაც  ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ირანის ბირთვული განიარაღების საკითხიზე. სწორედ ეს არის ყველაფრის არსი. სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

მოლაპარაკებები რომ არ მიმდინარეობდეს, მკითხავდით და გეტყოდით, რომ არ მიმდინარეობს. მაგრამ ახლა ვსაუბრობთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს ირანის მოთხოვნით დაიწყო - საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და განსაკუთრებით კატარის მხარდაჭერით. ჩართულია სხვა ქვეყნებიც. უამრავი ქვეყანა დამიკავშირდა. მათი ლიდერების უმეტესობასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს - ასე თუ ისე თითქმის ყველასთან. ყველას სურდა, ამისთვის ბოლო შანსი მიეცათ. ეს მათთვის ბოლო შესაძლებლობაა. თუ შეთანხმება ვერ შედგება, სხვა შანსი აღარ იქნება. ეს მათი ბოლო შესაძლებლობაა, კარგ დოკუმენტს მოაწერონ ხელი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, მოლაპარაკებები ორი მთავარი საკითხის გარშემო ტრიალებს, პირველი ჰორმუზის სრუტის გახსნაა, რაც მისი შეფასებით, შესაძლოა „ხვალვე მოხდეს“, მეორე კი ირანის ბირთვული განიარაღება, რომელსაც ტრამპისვე სიტყვებით „გარკვეული დრო დასჭირდება.“

თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდაც უარყოფს, რომ ისლამური რესპუბლიკა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებშია ჩართული.

პარალელურად, ირანის უზენაესი ლიდერის უფროსი მრჩეველი, მოჰსენ რეზაი აცხადებს, რომ ირანი სამიზნედ აქცევს ნებისმიერ ამერიკულ სამხედრო ხომალდს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში თეირანის მიერ განსაზღვრული მარშრუტის ნაცვლად სხვა საზღვაო დერეფნის დაწესებას შეეცდება.

მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას გააგრძელებს, საფრთხე მის სამხედრო ხომალდებსა და ბაზებსაც დაემუქრება.

„არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ ჰორმუზის სრუტეში მეორე დერეფნის გახსნას. ამის უფლებას არ მივცემთ. თუნდაც სამხედრო ხომალდები განათავსონ, მათ მიზანში ამოვიღებთ.

უზენაესი ლიდერისთვის მთავარი ისაა, რომ ამერიკელებმა თავიანთი ქცევა შეცვალონ. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ მათი ქცევის ცვლილების რეალური ნიშნები უნდა დავინახოთ.

ფიქრობთ, რომ საზღვაო ბლოკადას შევეგუებით? ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდებსა და სამხედრო ბაზებს, რა თქმა უნდა, სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ. გგონიათ, უბრალოდ ვისხდებით და ვუყურებთ, როგორ აგრძელებს შეერთებული შტატები საზღვაო ბლოკადას, ირანის პირობების შესასრულებლად კი არაფერს აკეთებს? რა თქმა უნდა, არა“, - ამბობს მოჰსენ რეზაი.

ამის ფონზე, ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო აცხადებს, რომ რომ ჰორმუზის სრუტეში, ომანის სანაპიროსთან, სატვირთო გემს დაარტყეს. დაზიანებისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ დეტალები არ გავრცელებულა. დაწყებულია გამოძიება.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ომანის ქალაქ ალ-ხასაბიდან დაახლოებით 37 კილომეტრში მოხდა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი ირანს „უკანასკნელ შანსს“ აძლევს ტოკიოში თანხმდებიან, რომ საჭიროა ომის წარმოების ახალ მეთოდებთან ადაპტირება