უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მორიგი, მასირებული საჰაერო იერიშების შედეგად, პოლტავის ოლქში კრიტიკული დანიშნულების ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც, უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სახიფათო ქიმიური ნივთიერების გაჟონვა გამოიწვია.
უწყების თანახმად, ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ როგორც შესაბამისი დანაყოფები ხანძრის სალიკვიდაციოდ, ისე სპეციალისტები ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რათა მინიმუმდე იყოს დაყვანილი გარემოსთვის ზიანის მიყენება.
უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია დამატებითი ცნობა სახიფათო ნივთიერების შესახებ, თუმცა კიევში ამბობენ, რომ დროული სამუშაოების შედეგად, ეკოლოგიური ზიანის აღმოფხვრა შეძლეს.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული საოკუპაციო არმია სახიფათო ქიმიური ელემენტების შემცველ ობიექტებს თავს ესხმის. 2022 წლიდან მიმდინარე ომის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილია კრემლის ჯარების ქმედებები ჩერნობილის ზონასა და ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარედ, რამაც ევროპული კონტინენტი და სრულიად მსოფლიოც, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა.
სწორედ ზაპორიჟიის ოლქი გახდა მორიგ ჯერზე, 3 აგვისტოს ღამით მოსკოვის დრონებითა და რაკეტებით იერიშების სამიზნე, რის შედეგადაც არის მსხვერპლი და ცნობილია, სულ მცირე, 21 დაშავებულის შესახებ.
ოფიციალური უწყებების თანახმად, ღამემ ზაპორიჟიაში მასირებული აფეთქებების ორი ტალღის ფონზე ჩაიარა - სამიზნე ისევ საცხოვრებელი სახლები, კერძო დასახლებები, ავტომობილები, სასაწყობე ფართები.
უკრაინის სამხრეთით მდებარე ეს ოლქი რუსული საოკუპაციო არმიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია მოქცეული და თითქმის ყოველდღიურად, კრემლი მის წინააღმდეგ აწარმოებს იერიშებს.
