ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში, პანტელერიის კუნძულის სიახლოვეს, საერთო ევროპული ოპერაციის ფარგლებში, იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა აბორდაჟზე აიყვანეს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი, რომელიც კამერუნის დროშის ქვეშ გადაადგილდებოდა.
ტანკერი 16 ივლისს ბენინის პორტიდან დაიძრა და სტამბულისკენ მიემართებოდა. იტალიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ხომალდის კაპიტანმა თავდაპირველად უარი თქვა დამორჩილებოდა ევროპული ძალების მოთხოვნებს, რის გამოც სამხედროები ბორტზე ვერტმფრენით გადასხეს და ჩაატარეს საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ქვეყნის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს ოპერაცია მკაფიოდ აჩვენებს რომის წვლილს ხმელთაშუა ზღვისა და ევროკავშირის უსაფრთხოებაში. ოპერაციაში ჩართული იყვნენ ბერძნული გემი და პოლონეთის საპატრულო ვერტმფრენი.
მანამდე, მსგავსი ოპერაციები არაერთხელ ჩაუტარებიათ სხვა ევროპულ სახელმწიფოებსაც. ერთ-ერთი ბოლო იყო საფრანგეთი, რომლის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი სიცილიის სანაპიროსთან დააკავეს.
მოსკოვის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტი“ ასობით მოძველებული, ხშირად დაუზღვეველი გემებისგან შემდგარი საიდუმლო ქსელია, რომელიც კრემლმა საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შექმნა. მათი მთავარი მიზანი რუსული ნავთობის ექსპორტი და დასავლური შეზღუდვების, მათ შორის, ნავთობის ფასის ლიმიტის გვერდის ავლაა.
გემები რეგისტრირებულია ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც მკაცრი რეგულაციები არ აქვთ, მაგალითად, ოფშორულ ზონებში, და ხშირად ცვლიან დროშებსა და სახელებს.
