დონალდ ტრამპის თქმით, მის მიერვე შექმნილმა „მშვიდობის საბჭომ“ მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განიარაღებასთან დაკავშირებით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ეს არის „უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ღაზა ბოლოს და ბოლოს გადავიდეს პალესტინური ხელისუფლების კონტროლქვეშ, რომელიც „მშვიდობის საბჭოსთან“ მჭიდროდ ითანამშრომლებს პალესტინელი ხალხის დასახმარებლად“.
მისივე განცხადებით, ისრაელი მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, რადგან ღაზა აღარ იქნება წარმოდგენილი როგორც „ბაზა ტერორისტული თავდასხმებისთვის“.
ტრამპმა დააზუსტა, რომ „ჰამასის“ განიარაღების პროცესის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედრო შენაერთები დატოვებენ ღაზის სექტორს, რითაც მორიგი ნაბიჯი გადაიდგმება მის მიერ შეთავაზებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის სისრულეში მოსაყვანად.
ვაშინგტონის ცნობით, შეთანხმების შესაბამისად, პირველ ეტაპზე ღაზის პოლიცია ჩააბარებს იარაღს, რასაც მოჰყვება ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან მძიმე შეიარაღების, მათი საწყობებისა და გვირაბების დათმობაც. საუბარია ხანგრძლივ პროცესზე, რომელსაც საერთაშორისო ძალები უხელმძღვანელებენ.
ანალიტიკოსების გათვლებით, მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკი გაწერილი არ არის, ამ პროცესს, სულ მცირე, 200-დან 350 დღემდე დასჭირდება.
აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, ისრაელი, რომელიც დიდი უნდობლობით უყურებს იმის შესაძლებლობას, რომ „ჰამასი“ იარაღს დაყრის ან, სულ მცირე, ღაზის სექტორზე არაფორმალურ კონტროლზე მაინც იტყვის უარს, მოლაპარაკებების ყველა ეტაპის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელისგან არ მოითხოვენ არაფერს იმ თავდაპირველი ვალდებულებების გარდა, რომლებიც მან ტრამპის 20-პუნქტიან გეგმაზე დათანხმებისას აიღო. ეს გეგმა, არსებითად, ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანასა და ამ ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების შეწყვეტას ითვალისწინებს.
