ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპას მწვავე სითბური ტალღა დაატყდა თავს, რამაც ესპანეთში, საფრანგეთსა და საბერძნეთში ტყის ხანძრებიც კი გამოიწვია.
სითბურ ტალღას სხვა უარყოფითი შედეგებიც მოჰყვა: საწყლოსნო მარშრუტებზე, როგორებიცაა რაინი და დუნაი, წყლის დონემ მკვეთრა დაიწია. ზოგიერთ ადგილას კი რეკორდული მაჩვენებლებიც კი გამოვლინდა.
ამან კი შეიძლება ტვირთის გადაზიდვა მნიშვნელოვნად გაართულოს. გემებს მოუწევთ ტვირთის შემცირება, რამაც შესაძლოა, ამ მარშრუტის ნაწილებზე კომერციული გადაზიდვები თითქმის სრულად შეაჩეროს. ოპერატორები იძულებული გახდებიან, უფრო რთულ ალტერნატიულ საშუალებას მიმართონ.
შესაბამისად, ევროპის მსხვილი ინდუსტრიები, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიკატების სექტორი, სერიოზული შეფერხებების წინაშე აღმოჩნდებიან.
ოპერატორებმა ტვირთი რამდენიმე გემზე უნდა გადაანაწილონ, ან ტვირთის ნაწილი საავტომობილო გზით გადაიტანონ, ნაწილი კი სარკინიგზოთი.
ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობისთვის, ნავიგაციისთვის საჭირო წყლის სიღრმის დონის შემცირება ზღუდავს ჩრდილოეთ ზღვის პორტებიდან შიდა ქარხნებში ისეთი აუცილებელი მასალების მიწოდებას, როგორებიცაა ნავთობი და პროპანისა და ბუტანის აირების ნარევი.
წყლის ტემპერატურის მატებამ ასევე შეამცირა სამრეწველო გაგრილების სისტემების ეფექტურობა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ოპერაციული ზეწოლა. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატომური და თბოელექტროსადგურებისთვის.
უნგრეთში წყლის დაბალი დონის გამო პაკშის ატომურმა ელექტროსადგურმა შეამცირა გამომუშავება და ოთხი რეაქტორიდან ერთ-ერთი შეაჩერა. რუმინეთმაც იგივე გადაწყვეტილება მიიღო.
