ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ თავის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედროები მას შემდეგ გაგზავნა, რაც ასობით მიგრანტი არალეგალურად შემოვიდა. უმეტესობამ საზღვარი ცურვით გადაკვეთა.
მანამდე სეუტის ხელისუფლებამ მადრიდს მოუწოდა, გამოეცხადებინა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა და აეღო კონტროლი სიტუაციაზე. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ვითარება არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევების ზრდამ გაართულა.
ავტონომიური ქალაქის ხელისუფლების ცნობით, დღეში საშუალოდ ზღვიდან დაახლოებით 300 მიგრანტი შემოდის. მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ ადამიანებით ვაჭრობის ქსელები სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით სარგებლობენ და ახალისებენ არალეგალური მიგრანტების შემოსვლას.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცურვით გადმოკვეთეს საზღვარი, კანონის თანახმად, ინდივიდუალური საქმის აღძვრის გარეშე დაუყოვნებლივ უკან ვერ აბრუნებენ.
ამასობაში, იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ მიგრანტთა შემოდინების გამო შესაძლოა, ესპანეთთან ევროკავშირის შენგენის შეთანხმება შეაჩეროს.
პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ზომებს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები განიხილავენ. მისივე თქმით, ამ ზომათაგან ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერებაა.
