უკრაინის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 30 ივლისის ღამით, კრივი-რიჰის ოლქზე რუსულმა საოკუპაციო არმიამ ჩრდილოკორეული წარმოების ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში პირველი შემთხვევაა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მანამდე წინ უძღოდა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ცნობა, სადაც სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ ამ რაკეტის გამოყენება მიუთითებს ფხენიანისგან მოსკოვისთვის მიწოდებული ახალ შეიარაღებაზე.
„რადუშნეში, წინასწარი მონაცემებით, რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა. რა თქმა უნდა, დამატებითი გამოძიება ჩატარდება და ყველა დეტალი გადამოწმდება, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ეს ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტაა. მოსკოვის ბანდიტური რეჟიმისა და ჩრდილოეთ კორეის შეშლილი რეჟიმის ალიანსი ფასს გადაიხდის რაკეტების გამო, ევროპაში, ჩვენს საზღვრებთან, ჩრდილოეკორეელი სამხედრო კონტინგენტის განთავსების გამო, ჩვენი უკრაინელი ბავშვების დახოცვის მიზნით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოკორეული KN-23-ისა და KN-24-ის ტიპის რაკეტების გამოყენება 2023 წლის ბოლოდან დაიწყეს, რასაც კრემლი თავდაპირველად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“, ანუ კიევის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში მხოლოდ საკუთარი წარმოების შეიარაღებას იყენებდა.
სამხედრო წყაროების თანახმად, ჩრდილოკორეულ რაკეტებს რუსული წარმოების „ისკანდერის“ ტიპის საფრენი აპარატებისგან განსხვავებით, გაცილებით შორს მოქმედება შეუძლიათ, თუმცა, ნაკლები სიზუსტით. მათივე თქმით, სავარაუდოა, რომ მოსკოვი განიცდის საკუთარი შეიარაღების ნაკლებობას და საჰაერო იერიშებისთვის იყენებს მოკავშირეთა აღჭურვილობას და ამ შემთხვევაში, ერთადერთი რეალური პარტნიორი ამ საკითხში სწორედ ფხენიანია.
Reuters-თან საუბრისას, ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჩრდილოკორეული რაკეტების გასანეიტრალებლად ერთადერთი ქმედითი საშუალება არის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის არსებობა კიევის ხელში.
Financial Times-თან სატელოფონო ინტერვიუსას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ არის დარწმუნებული“, მისცემს თუ არა უკრაინას ნებართვას Patriot-ის სისტემისთვის აუცილებელი რაკეტების წარმოებისთვის. სააგენტოს ცნობით, მანვე დასძინა, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ „განიხილება“.
თეთრი სახლის ლიდერი ამ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც, სავარაუდოდ, შეცვლიდა ომის მიმდინარეობას უკრაინის სასარგებლოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ NATO-ს ანკარას სამიტზე, 8 ივლისის შეხვედრისას დაჰპირდა, შემდეგ კი 28 ივლისს, ვაშინგტონში მიღებისას.
