კიკლადების სიდიდით მეორე კუნძულს, ანდროსს, ხანგრძლივი საზღვაო ტრადიცია აქვს. თუმცა, ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ კუნძულს ლიმონის, ღვინისა და რძის პროდუქტების განსაკუთრებული ადგილობრივი წარმოება აქვს.
ანდროსის ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია და ყოველწლიურად ლიმონის ფესტივალიც კი იმართება. მე-17-დან მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე დიდი რაოდენობით ექსპორტი ხორციელდებოდა ხმელთაშუა ზღვის, ცენტრალური ევროპისა და რუსეთის მიმართულებით.
„ლიმონი ანდროსის ოქროა. იყო დრო, როდესაც ხალხი ლიმონით შოულობდა საარსებო წყაროს, მაგრამ ახლა აღარ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიცია, ამიტომ ყოველ წელს აქ მოვდივართ“. - ამბობს ფერმერი და მზარეული, ხარიკლეა დანიოლუ.
წარმოება შეიძლება შემცირდა, მაგრამ ადგილობრივებისთვის ლიმონი კვლავაც სიამაყის წყაროა და ვიზიტორებს თავისი გემოთი და არომატით აჯადოებს.
„ანდროსის ლიმონი ყველგან იყო ცნობილი. წარმოების მაღალი დონე იყო და ისინი შავ ზღვამდეც კი იგზავნებოდა. აქედან ისინი პატარა ნავებით გადაჰქონდათ. დღეს წარმოება გაცილებით დაბალია, მაგრამ ის ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროდუქტად რჩება. ჩვენ ვამზადებთ ლიმონათს, ტკბილეულსა და ლიმონის ყვავილს, რომელიც ძალიან ლამაზი და უნიკალურია“. - განაცხადა მენიტების კულტურული ასოციაციის პრეზიდენტმა დესპინა პეტამ.
ბოლო წლებში ახალი, თანამედროვე მეღვინეობა ანდროსის ვენახებს აცოცხლებს და კუნძულს ღვინის ტურიზმის რუკაზე ათავსებს. „კურტესისის“ ვენახი ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ქვის კლდოვან ტერასებზეა გაშენებული. მას აქვს მიწისქვეშა მარანი და გიდის თანხლებით გთავაზობთ ტურებსა და ღვინის დეგუსტაციას.
„ანდროსზე ღვინოსა და ციპუროს ტრადიციულად სახლში ვამზადებთ. ჩვენი მიზანია, მთელ მსოფლიოში გავხდეთ ცნობილი და ხალხი აქ მოვიდეს, რათა დააგემოვნოს ჩვენი ღვინო „მავროტრაგანო“ და „პოტამისი“, რომლებიც უფრო პროფესიონალურ დონეზეა წარმოებული“ - ამბობს, ენოლოგი ვასო ხავიარაკი.
კორთიოს რაიონში ნახავთ „კრევასარას“ ყველის ქარხანას, რომელსაც ასუტისების ოჯახი მართავს. 2009 წლიდან ისინი ამზადებენ ვოლაკის - ანდროსის ტრადიციულ ყველს - ასევე ლადოტიროსა და კრასოტიროს, პეტროტის და თიხის ქოთანში დამზადებულ ყველს. ყოველდღიურად ქარხანაში დაახლოებით 500 კილოგრამ რძეს აწარმოებენ, რომელსაც ნიკოსი საკუთარი ძროხებისგან და კუნძულზე მცხოვრები ხუთი სხვა რძის ფერმერისგან აგროვებს.
„მას გამორჩეული არომატი აქვს, ის მხოლოდ ძროხის რძისგან მზადდება. პასტერიზებულია. რძის უმეტესი ნაწილი კუნძულზე იწარმოება, სადაც ძროხები თავისუფლად ძოვენ“. - აცხადებს ყველის მწარმოებელი, ნიკოს ასუტისი.
რა თქმა უნდა, კუნძულზე დაფუძნებული მეწარმეობა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა. პროდუქციის ტრანსპორტირების ღირებულება მაღალია, რთულია კვალიფიციური მუშახელის პოვნაც.
„ეს ახლა უზარმაზარ პრობლემად იქცა. ცხოვრება სოფლად მშვენიერია. კარგია, რომ ათენი დავტოვეთ და აქ ჩამოვედით, მაგრამ ბევრი პრობლემაა. არ არის საკმარისი მუშახელი; არ არის სამუშაო ძალა, რომ კუნძულზე რომელიმე ბიზნესს დაეხმაროს“.
აცხადებს ყველის მწარმოებლის ასისტენტი, მარია დოლი.
ულამაზესი სანაპიროებისა და კამკამა სუფთა წყლის გარდა, ეს ადგილი ვიზიტორებს სთავაზობს ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ დასვენებისა და ეგეოსის ნამდვილი სტუმართმოყვარეობის შესაგრძნობად. სწორედ ეს სტუმართმოყვარეობა უჩენს მათ სურვილს, კვლავ ეწვიონ კუნძულს.
