ბრიუსელის ისტორიული ცენტრალური მოედანი დროებით ფერადი ყვავილებით არის მორთული, რადგან ყვავილების ხალიჩის წლევანდელი ღონისძიება იაპონურ კულტურას ეძღვნება.
ყვავილების კომპოზიციის შემქმნელმა ჰირო სუგიამამ იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრის, კაცუსიკა ჰოკუსაის პატივსაცემად „კანაგავის დიდი ტალღა“ ასობით ათასი ყვავილით გააცოცხლა.
„თავდაპირველად, ჩემ მიერ შექმნილ დიზაინში მეტ ფერს მოვიაზრებდი, მაგრამ რადგან ეს ოთხდღიანი ღონისძიებაა, მითხრეს, რომ ფერები 15-ამდე ან 16-მდე უნდა შემეზღუდა. ამიტომ დიზაინის შეცვლა მომიწია. სიმართლე გითხრათ, თავიდან საკმაოდ ვღელავდი ამის გამო, მაგრამ როგორც კი აქ მოვედი და ვნახე დიზაინი და ყვავილების განლაგება, აღვფრთოვანდი და მივხვდი, რომ საერთოდ არ უნდა მენერვიულა ამაზე, რადგან ის ისედაც ლამაზად გამოიყურება. თავიდან ვწვალობდი იმაზე, თუ როგორ შემეცვალა ჩემი დიზაინი ამ 16 ფერში, მაგრამ ახლა ვიცი, როგორიც იქნება და მოუთმენლად ველი მის ნახვას, როდესაც ის დასრულდება“. - განაცხადა იაპონელი მხატვარმა და დიზაინერმა, ჰირო სუგიამამ.
ერთობლივი ღონისძიება ბელგიასა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 160 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ყვავილების ხალიჩა ხელოვნების ნიმუშზე მეტია და ადამიანებისა და კულტურების გაერთიანების სიმბოლოა.
ხალიჩაზე 700 000-ზე მეტი ყვავილია გამოყენებული და მისი სიგრძე დაახლოებით 70 მეტრია, სიგანე კი - 24 მეტრი.
მოხალისეები საათობით მუშაობდნენ, რათა მხატვრის მიერ ჩაფიქრებული იდეა რეალობად ექციათ.
ყვავილების ფესტივალი ყოველ წელს ტარდება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში ექნებათ ინსტალაციის ხილვის შესაძლებლობა.
