კატეგორიები

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი „კრიტიკულ წერტილს“ მიაღწევს

ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი „კრიტიკულ წერტილს“ მიაღწევს
„კრიტიკული წერტილი, ვითარების სამომავლო ესკალაციის პოტენციალით“ - ასეთია ანალიტიკოსებისა და უსაფრთხოების საკითხებში მკვლევრების შეფასება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ურთიერთიერიშების მხრივ აღებული პაუზა მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა. მხარეები დიპლომატიურ არხებს ინარჩუნებენ, თუმცა კონკრეტულ შედეგზე ვერ გადიან. ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია, ირანი რეგიონში განლაგებულ ამერიკულ ბაზებს უტევს, ვაშინგტონი ისლამური ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები კი სამხედრო აგრესიაზე პასუხის უფლებით განაგრძობენ ცხოვრებას.

ურთიერთიერიშებს თან სდევს ურთიერთმუქარებიც, რაც მდგრადი მშვიდობის დამყარების პერსპექტივას სულ უფრო მეტად ჩრდილში აქცევს.

„მიმდინარე ომის ბუნება არის მობილური, გაფართოებადი და ძნელად კონტროლირებადი. როგორც ბოლო დღეებისა და კვირების მოვლენებმა აჩვენა, ეს კონფლიქტი გაცილებით უფრო რთული გახდება და პერიოდულად გამოვა მასში ჩართული მხარეების კონტროლიდან. ეს არ არის ისეთი ომი, რომელიც „მართვადი ესკალაციის“ კატეგორიაში შეიძლება მოექცეს.

ირანის თვალსაზრისით, რაც უფრო შეძლებენ ომის გაფართოებას, როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით, მით უფრო დიდ ბერკეტს მიიღებენ. მათი შეფასებით, თუ ომი მხოლოდ ირანს, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის დარჩება, ეს უპირატესობას ამერიკას ანიჭებს. თუმცა, თუ კონფლიქტი რეგიონულ მასშტაბს შეიძენს, ეს უკვე ირანის სასარგებლოდ იმუშავებს, რადგან გააძლიერებს შიშს, რომ ქაოსი მთელ რეგიონში გავრცელდება. ასევე გაიზრდება შიში უსაფრთხოების თვალსაზრისით არასტაბილურობისა და ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით.

იორდანიაზე განხორციელებული თავდასხმებით -მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრისთვის მოულოდნელი იყო - ირანი, ფაქტობრივად, საკუთარი სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებდა. ამ სტრატეგიის საფუძველია მოსაზრება, რომ არსებული სტატუს-კვო, ანუ მდგომარეობა „არც ომი, არც მშვიდობა“, ირანისთვის არც მიღწევადია და არც მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. ამიტომ ირანი მიიჩნევს, რომ საჭიროა ან ომის ესკალაცია და მისი განახლება, ან რეალური, სრულფასოვანი მშვიდობისკენ წინსვლა“, - ამბობს ახლო აღმოსავლეთის საკითხების მკვლევარი არმან მაჰმუდინი.

ანალიტიკოსების აზრით, თეირანი ახლა გასული თვეებისგან ბევრად განსხვავებულ ტაქტიკას მიმართავს, როდესაც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში და ამით შტატების მოკავშირეებსაც გადაახდევინოს მიმდინარე ომის „ფასი“.

„ირანის ამჟამინდელი სტრატეგიაა, შეერთებულ შტატებს დაანახოს, რომ ის ვერ შეძლებს შემოიფარგლოს მხოლოდ შეზღუდული საპასუხო დარტყმებით, რომლებიც ირანისთვის ძვირი დაჯდება, ხოლო ამერიკისთვის შედარებით მცირე ფასის მქონე იქნება.

ირანი ცდილობს კონფლიქტის „ფასი“ სხვებზეც გაავრცელოს და ესკალაცია ახალ მიმართულებებზე გადაიტანოს, როგორც თავდასხმების მასშტაბის, ისე მათი გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ირანის მიერ იორდანიაზე თავდასხმა - ქვეყანაზე, რომლის წინააღმდეგაც მან წარსულში არ უმოქმედია.

ასევე ვნახეთ, რომ ირანის რეგიონულმა მოკავშირეებმა გააძლიერეს ზეწოლა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ მარშრუტებზე, როგორიცაა ბაბ-ელ-მანდების სრუტე, და ბოლო პერიოდში თავდასხმებიც განახორციელეს ეგვიპტეში, სუეცის არხის მიმართულებით“, - თქვა ალი ვაეზიმ, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხების მკვლევარმა.

ექსპერტები შიშობენ, რომ ომში, შესაძლოა, ისეთი ქვეყნები ან დაჯგუფებებიც ჩაერთონ, რომელთა მონაწილეობითაც სამხედრო დაპირისპირებამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის ყველაზე მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

„თუ იემენში ომი კვლავ განახლდება, შესაძლოა ის გაგრძელდეს იმის მიუხედავად, შეძლებენ თუ არა ირანი და შეერთებული შტატები შეთანხმების მიღწევას. ხოლო თუ ერაყსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება, ესეც შესაძლოა ამ ომის ერთ-ერთი გრძელვადიანი მემკვიდრეობა აღმოჩნდეს, რომლის შედეგებიც მრავალი წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, - ამბობს ალი ვაეზი, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი.

ბოლო განცხადებების მიხედვით, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ თეირანთან მოლაპარაკებების გზით რაიმეს მიღწევა შესაძლებელია, თუმცა, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი ეს რწმენა პროცესში სერიოზული გარდამტეხის მანიშნებელი არაა.

აშშ-ის პრეზიდენტი მანამდეც აცხადებდა, რომ ირანულ მხარესთან შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით, „ძალიან ახლოს“ იყო და ყველაფერი „ძალიან კარგად“ მიმდინარეობდა, რაც ხშირად ისლამური ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან უარყოფილი იყო.

სწორედ ამ განცხადებების ფონზე, სამდღიანი პაუზის შემდეგ, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთიერიშები 29 ივლისს განახლდა.

დაკავშირებული ამბები
ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი „კრიტიკულ წერტილს“ მიაღწევს რუსეთმა უკრაინაში ჩრდილოკორეული რაკეტები გამოიყენა - აცხადებს ზელენსკი