კატეგორიები

საფრანგეთი ქვეყნიდან რუს პროპაგანდისტს, ქსენია ფედოროვას აძევებს

საფრანგეთი ქვეყნიდან რუს პროპაგანდისტს, ქსენია ფედოროვას აძევებს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ქსენია ფედოროვას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ვლადიმერ პუტინის მთავრობის რუპორად წოდებული, საერთაშორისო ტელეარხის, Russia Today-ის (RT) ფრანგული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელისა და ამჟამად ადგილობრივი მილიარდერის, ვენსან ბოლორეს მედიაჰოლდინგის ერთ-ერთი წამყვანი სახის წინააღმდეგ პარიზს არაერთი ბრალდება აქვს.

კერძოდ, ფრანგული სამართალდამცავი სტრუქტურების განცხადებით, ჟურნალისტის ხედვები და მის მიერ საჯაროდ გაჟღერებული ნარატივი წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციული კამპანისი ნაწილს, რომელიც ხელს უწყობს „საფრანგეთის სახელმწიფოს ძირითადი ინტერესებისთვის დამაზიანებელი რიტორიკის გავრცელებას“, ასევე „მიმართულია საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისკენ და ძირს უთხრის მოქალაქეთა ნდობას როგორც ფრანგული ინსტიტუტების, ისე ევროკავშირისადმი“, ფედოროვას ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა კი „საზოგადოებრივი წესრიგისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს“.

პარიზისთვის „ბოლო წვეთად“, სავარაუდოდ, იქცა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის შესახებ გაკეთებული განცხადება, როდესაც რუსმა ჟურნალისტმა თქვა, რომ ეროვნულ დღესასწაულზე „მსურველთა კოალიციის“ წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი 500-ზე მეტი სამხედრო მანიშნებელია „საფრანგეთის რუსეთთან ომის სამზადისისა“.

ქსენია ფედოროვას თქმით, „14 ივლისი არ არის ევროპული ცერემონია, არც NATO-ს აღლუმი და არც მოედანი იმისთვის, რომ სიმბოლურად გაგრძელდეს ომი“, ხოლო „თუკი საფრანგეთს სურს“, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მისი კონფლიქტიც გახდეს, „ამის შესახებ ფრანგებსაც უნდა ეცნობოთ“.

პროპაგანდისტის სიტყვებს მალევე უპასუხეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. საფრანგეთის დიპლომატიური უწყების თქმით, „თუკი კრემლს არ მოსწონს აღლუმზე მიწვეულთა სია, ესე იგი, ეს კარგი სიაა“.

ქსენია ფედოროვა გეგმავს, „დაუყოვნებლივ გაასაჩივროს“ სამართალდამცავი სტრუქტურების ვერდიქტი. მედიასაშუალებები კი, სადაც ის მუშაობს მას „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით საფრანგეთში საფრთხე ექმნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

თავად რუსი ჟურნალისტი არ მიიჩნევს, რომ ვინმეს დაკვეთას ასრულებს. მისი თქმით, აქვეყნებს ანალიზს, რომელსაც „შეიძლება შეედავონ, თუმცა მიუღებელია მისი აკრძალვა მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იგი ვინმესთვის შემაშფოთებელია.“

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი ქვეყნიდან რუს პროპაგანდისტს, ქსენია ფედოროვას აძევებს ლეგენდარული ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა