კატეგორიები

მდინარე დუნაი ევროპის რუკიდან გაქრობის საფრთხის წინაშეა

მდინარე დუნაი ევროპის რუკიდან გაქრობის საფრთხის წინაშეა
ევროპის რუკიდან კონტინენტის მეორე ყველაზე გრძელი მდინარე დუნაი გაქრობის საფრთხის წინაშეა, ამის მიზეზი კი კლიმატის ცვლილება და მიმდინარე წელს, ზაფხულის სეზონისთვის საკმაოდ მშრალი ჰავაა.

სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ყველაზე წყალუხვ მდინარედ ცნობილი დუნაი, რომელიც გერმანიის სამხრეთ-დასავლეთიდან, 10 ქვეყნის გავლით, შავ ზღვაში ჩაედინებოდა, დღეს წყლის ნაკლებობას განიცდის, ზოგიერთ მონაკვეთზე კი იმდენად კრიტიკულ ნიშნულამდეა დასული, რომ აჩენს მისი დაშრობის საფრთხეს.

წყლის დონის კლებამ ხილული გახადა აქამდე უცნობი ობიექტები და მონაკვეთები, მათ შორის კლდეები და წლების წინ ჩაძირული პატარა თუ დიდი ზომის ხომალდები.

„ერთდროულად სევდიანიცაა და თვალისმომჭრელიც. სადამდე მიგვიყვანს ეს და რა მოხდება, ჯერ არ ვიცით. შესაძლოა, ეს კლიმატის ცვლილების შედეგი იყოს.

შიშველი კლდეები, ხიდის ბურჯების გარშემო გამხმარი ქვიშის ზოლები, მართლაც შემაძრწუნებელია იმის დანახვა, როგორი იყო აქ ყველაფერი ადრე და როგორია ახლა“, - ამბობს ფოტოგრაფი გაბორ კერტესი.

მდინარის დამშრალი კალაპოტი ზოგიერთ მონაკვეთზე განსაკუთრებულ საფრთხესაც წარმოადგენს. წყლის დონის კრიტიკულ დონემდე დაკლების გამო, უნგრეთის ხელისუფლებას მოუწია ერთ-ერთი გადასასვლელი ხიდის ჩაკეტვა, რადგან მის კონსტრუქციასთან მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს.

თავგადასავლებისა და ისტორიული თუ ძვირადღირებული ნივთების მოყვარულებისთვის ეს წინაღობას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ მდინარე დუნაის კალაპოტი ბევრ ნივთს ინახავს შორეული წარსულიდან.

„აქ საგანძურის პოვნაც შეიძლება. დიდი სიამოვნებაა, როცა მაგნიტზე ძველი რადიოგამაძლიერებელი ან ტყვიის მასრა ეწებება. მსგავსი აქტივობისთვის დუნაიში წყლის ნაკლებობა მადლია, სხვა მხრივ - წყევლა“, - ამბობს ადგილობრივი ჟოლტ ჰორვატი.

უნგრეთის მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად, 90 დღის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საშუალო ნორმაზე 80-130 მილიმეტრით ნაკლები ნალექი მოვიდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გააუარესა სითბური ტალღის გაძლიერების ფონზე.

უნგრეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, წყლის ნაკლებობამ იძულებული გახადა, საკრუიზო ხომალდებს მარშრუტები შეეცვალათ, ტურისტებს კი აღარ აქვთ შესაძლებლობა ბუდაპეშტის მთავარი ღირსშესანიშნაობები იხილონ. გაცილებით რთულადაა საქმე სატვირთო გემების შემთხვევაში, რომლებსაც საქმიანობის შეწყვეტა მოუწიათ.

მსგავს სირთულეებს აწყდებიან მცირე ნავების მფლობელები, მათ შორის სერბეთშიც, რომლებისთვისაც ტურიზმით მიღებული შემოსავალი მთავარი საარსებო წყაროა.

„ყველა ნავი, რომელიც აქ იყო გაჩერებული, ახლა, ფაქტობრივად, ხმელეთზე დგას. წყალში მხოლოდ იმ ადამიანების ნავები დარჩა, რომლებმაც ისინი დუნაის შუაგულში გადაიყვანეს. შეხედეთ ამ სატვირთო გემებს - მაგალითად, ეს ბენზინს გადაზიდავს და უკვე თვენახევარზე მეტია აქ არის გაჩერებული. დუნაის წყლის დონე სულ უფრო და უფრო იკლებს, ამიტომ ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახაობა“, - ამბობს ნავების მფლობელი რანკო მილოშევი.

შექმნილი მდგომარეობის გამო, რუმინეთში შეწყდა ატომური რეაქტორის მუშაობა, რომლის გაგრილების სისტემა მთლიანად იყო დამოკიდებული მდინარე დუნაიზე. სწორედ ამ მიზნით გაშენდა სტრატეგიული ენერგოობიექტი მდინარის გასწვრივ, რათა მისი ბუნებრივი რესურსი გამართული მუშაობისთვის გამოეყენებინა.

ატომური ელექტროსადგურის მმართველმა კომპანიამ, Nuclearelectrica-მ განმარტა, რომ რეაქტორის გაჩერება „არ ახდენს გავლენას ბირთვულ უსაფრთხოებაზე, პერსონალსა და გარემოზე“.

სპეციალისტები ახლა ფიქრობენ, რა ფორმით უზრუნველყონ მოსახლეობის უწყვეტი ენერგომომარაგება არამხოლოდ რუმინეთში, არამედ უნგრეთშიც, ასევე რა გზებით დაიწყონ მდინარეში წყლის დონის ნორმალიზების მოგვარება.

დაკავშირებული ამბები
მდინარე დუნაი ევროპის რუკიდან გაქრობის საფრთხის წინაშეა ლვივში ნასროლი რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა