ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. თურქეთში, ესპანეთსა და საბერძნეთში ძლიერი სიცხე და ქარი ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, მეხანძრეები კი რთულ პირობებში განაგრძობენ ბრძოლას.
თურქეთის დასავლეთ ნაწილში ხანძრები ერთდროულად ოთხ პროვინციაში მუღლაში, ანტალიაში, ჩანაქალესა და ბალიქესირში მძვინვარებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მუღლასა და ანტალიაში, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონებია. მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებში გაყვანა მიმდინარეობს, ცეცხლის ჩაქრობაში კი სახანძრო ბრიგადებთან ერთად ავიაცია და ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.
ესპანეთში კი ხანძრები უკვე ქვეყნის რამდენიმე რეგიონს მოედო. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კასტელიონის პროვინციაში, სადაც ათი ათასამდე ადამიანი კვლავ ევაკუირებულია. ახალი კერა ზამორის პროვინციაშიც გაჩნდა. ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის ფონზე ცეცხლი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ მეხანძრეები იძულებულნი არიან, მოსახლეობის ევაკუაციასა და საცხოვრებელი სახლების დაცვაზე გადაიტანონ ყურადღება. კასტელიონის უიშოს ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაც აქტიურად მონაწილეობს, ხოლო სამოქალაქო გვარდიამ მოხუცთა თავშესაფრიდან ბენეფიციარების ევაკუაცია უზრუნველყო.
უმძიმესი შედეგები მოჰყვა სტიქიას საბერძნეთში. კუნძულ კრეტაზე, რეთიმნოს რეგიონში გაჩენილ ხანძარს სამი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ორი ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაიღუპა, მესამე კი პელოპონესის რეგიონში სტიქიასთან ბრძოლის დროს უგონო მდგომარეობაში იპოვეს და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ოფიციალური ინფორმაციით, კრეტაზე ხანძრის ჩაქრობაში 150-ზე მეტი მეხანძრე, ოთხი ვერტმფრენი და ოთხი სახანძრო თვითმფრინავია ჩართული. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი კვლავ სწრაფად ვრცელდება, გამოცხადებულია ევაკუაცია, სანაპირო დაცვა კი საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ზღვით გაყვანისთვისაც მზად არის.
მეტეოროლოგების ცნობით ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში სიცხის ტალღისა და ძლიერი ქარის გამო რეგიონში ხანძრის გაჩენისა და გავრცელების მაღალი საფრთხე მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
