კატეგორიები

აშშ აცხადებს, რომ ირანულ თავდასხმებს კვლავაც „მძლავრად გასცემს პასუხს“

აშშ აცხადებს, რომ ირანულ თავდასხმებს კვლავაც „მძლავრად გასცემს პასუხს“
„მძლავრი პასუხი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევასა და ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის მცდელობაზე“ - ასე უწოდეს შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ძალებმა 30 ივლისის ღამით ირანულ პოზიციებზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს.

„რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ ათობით ობიექტი, მათ შორის სანაპირო დაცვა, სამხედრო-სამეთაურო ცენტრები, რაკეტებისა და დრონების გამშვები წერტილები იქცა ვაშინგტონის დარტყმების სამიზნე, რისი ამოცანაც არის ისლამური ქვეყნის სამომავლო საბრძოლო შესაძლებლობების მინიმუმამდე დაყვანა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამერიკული იერიშების სამიზნეებს შორის მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები არ ყოფილა. სააგენტო Tasnim-ის თანახმად, აფეთქებები მოხდა ქალაქ აჰვაზში, ასევე სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოექცა კეშმის კუნძულზე მდებარე საცხოვრებელი კვარტალი.

თეირანის სამთავრობო ტელევიზია ავრცელებდა ცნობებს ბუშერში მომხდარი აფეთქებების შესახებ, სადაც განლაგებულია ატომური ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაშიც რუსეთი მონაწილეობს.

თეთრ სახლში მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა დონალდ ტრამპს სცენარი, რომლის მიხედვითაც ირანი თავს ესხმის საზღვარგარეთ მდებარე ამერიკულ ობიექტებსა და სამხედრო პერსონალს, ხოლო ამ ნაბიჯის შედეგად, შესაძლოა, ვაშინგტონს ჯარების გაყვანა მოუწიოს, შტატების პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ამ სცენარს ასე ვერ ვხედავ. არა, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ. იმასაც კი ვიტყოდი, რომ ამის თქმა შემიძლია, რადგან ამ შემთხვევაში მათ ამის საპასუხოდ თითქმის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ეს სხვა ჯგუფი იყო, ვიდრე ის, ვისთანაც ახლა გვაქვს საქმე. მათ უკვე მოიხადეს ბოდიში. მაგრამ ცოტათი უნდა დავსაჯოთ…

მათ ჩვენკენ გამოუშვეს ხუთი რაკეტა, რომელიც საათში 8 000 მილის სიჩქარით მიფრინავდა. საბედნიეროდ, ჩვენ სამხედროებს მსოფლიოს საუკეთესო აღჭურვილობა ჰქონდა კერძოდ, Patriot-ის სისტემა. წარმოიდგინეთ: ხუთი დიდი რაკეტა, რომელიც საათში 8 600 მილის სიჩქარით პირდაპირ ჩვენკენ მოფრინავდა. ხუთივე ჩამოვაგდეთ. რას იტყვით? საკმაოდ შთამბეჭდავია. მხოლოდ ჩვენ - სხვას არავის შეეძლო ამის გაკეთება“.

ბოლო განცხადებების მიხედვით, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ თეირანთან მოლაპარაკებების გზით რაიმეს მიღწევა შესაძლებელია, თუმცა, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, მისი ეს რწმენა პროცესში სერიოზული გარდამტეხის მანიშნებელი არაა.

აშშ-ის პრეზიდენტი მანამდეც აცხადებდა, რომ ირანულ მხარესთან შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით, „ძალიან ახლოს“ იყო და ყველაფერი „ძალიან კარგად“ მიმდინარეობდა, რაც ხშირად ისლამური ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან უარყოფილი იყო.

მეტიც - მხარეებმა პაკისტანის შუამავლობით გააფორმეს „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც, ამ მონაცემებით, ფაქტობრივად, ანულირებულია, ჰორმუზის სრუტე ისევ ბლოკირებული, ხოლო თეირანს კვლავ აქვს საშუალება, საფრთხე შეუქმნას სპარსეთის ყურის სახელმწიფოებსა და იქ განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს.

მოვლენათა ასეთი განვითარება აჩენს რისკს, ომმა გაცილებით ფართო მასშტაბი შეიძინოს, რადგან, პირდაპირ თუ ირიბად, მასში ისედაც ჩართულია უკვე რამდენიმე სახელმწიფო. სპარსეთის ყურის ქვეყნები პერიოდულად აცხადებენ, რომ იტოვებენ ირანისთვის პასუხის გაცემის უფლებას, რადგან ამერიკული ბაზები მათ ტერიტორიაზეა განლაგებული, შესაბამისად, საფრთხე ექმნება მათ ეროვნულ ინტერესებს.

მხარეებს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებს გაეროც.

„გენერალური მდივანი შეშფოთებულია, რომ თუ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდებიან, კონფლიქტი, შესაძლოა, გაფართოვდეს.

როგორც ჩანს, სწორედ ეს ხდება ბოლო საათების განმავლობაში. მან უკვე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება საბრძოლო მოქმედებების განახლებისა და კონფლიქტის ესკალაციისა და გაფართოების გამო.

ეს ნამდვილად არ არის მოვლენათა პოზიტიური განვითარება. მას სურს, მხარეებმა შეწყვიტონ ბრძოლა და კვლავ დაუბრუნდნენ დიპლომატიურ ძალისხმევას, მათ შორის შუამავლობის პროცესს, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს პაკისტანი, კატარი და სხვა ქვეყნები“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ, ფარჰან ჰაკიმმა.

ურთიერთიერიშების პარალელურად, ვაშინგტონში შედგა აშშ-ის ომის მდივნისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა. განახლებული დარტყმების მიუხედავად, თელ-ავივი აცხადებს, რომ კონფლიქტში ჩაებმება მხოლოდ ორი სცენარის შემთხვევაში - თუ ირანი განახორციელებს სამხედრო აგრესიას ისრაელის წინააღმდეგ ან თუ ამას თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოითხოვს.

დაკავშირებული ამბები
აშშ აცხადებს, რომ ირანულ თავდასხმებს კვლავაც „მძლავრად გასცემს პასუხს“ აშშ-სა და საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად ერაყში პროირანული დაჯგუფებების 20 მებრძოლია მოკლული