ამერიკის შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის ერთობლივი ავიადარტყმების შედეგად მოკლულლთა დაკრძალვაზე ბაღდადში ასობით ადამიანი შეიკრიბა.
ერაყის უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში მყოფი შიიტი გასამხედროებული დაჯგუფებების გაერთიანების, „სახალხო მობილიზაციი ძალების“ განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაჯგუფების 20 წევრი დაიღუპა და 32 დაშავდა.
„თავდასხმა მოიცავდა აზიზიას რაიონს, განსაკუთრებით ალ-სუვაირას ტერიტორიას, ასევე, ნინევეს დაბლობებს. ეს თავდასხმა მთავრობის მხრიდან მკაცრად უნდა დაიგმოს. ჩვენ სახალხო მობილიზაციის ძალების შტაბთან ვართ და ერაყელი ხალხი ამ თავდასხმას გმობს. როგორც ხედავთ, დაკრძალვაზე მოსული არიან უხუცესები, ხალხი - ერთი მხრივ, დაღუპულთა პატივსაცემად, ხოლო მეორე მხრივ, ამ აგრესიის დასაგმობად“, - ამბობს ღაზვან აჰმედი, სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილე.
გასამხედროებული დაჯგუფებების გაერთიანებიდან ორი ოფიციალური აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ექვსი ირანელი სამხედრო მრჩეველიც დაიღუპა. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, შედიან თუ არა ისინი იმ დაღუპულ ოც კაცში, რომელთა შესახებაც გამოცხადდა. ოფიციალურმა პირებმა მოკლული ირანელების შესახებ კომენტარი ანონიმურობის პირობით გააკეთეს.
„სახალხო მობილიზაციის ძალები“ ძირითადად შიიტური, ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფებისგან შემდგარი კოალიციაა, რომელიც ოფიციალურად ერაყის სამხედრო ძალების სარდლობას ექვემდებარება.
ერაყის მთავრობისგან მას „შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელი სამხედრო ფორმირების“ სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა დაჯგუფებებს მნიშვნელოვანი ავტონომია აქვთ და ზოგიერთი მათგანი წარსულში ამერიკულ ობიექტებსაც ესხმოდა თავს.
საუდის არაბეთმა ერაყის გასამხედროებული დაჯგუფებები ნავთობის ობიექტებზე დრონებით თავდასხმებში დაადანაშაულა.
„სახალხო მობილიზაციის ძალებმა“ ეს ბრალდებები უარყო. პარალელურად ირანის მხარდაჭერილმა კიდევ ერთი დაჯგუფების წევრებმა - იემენში მოქმედმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
რამდენიმე დღის განმავლობაში შედარებითი სიმშვიდის შემდეგ, სამხედრო დარტყმების ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით განახლებამ დაპირისპირებამ სრულმასშტაბიან ომში დაბრუნების რისკი გაზარდა. ამავდროულად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რამდენად რთული აღმოჩნდა თებერვალში დაწყებული კონფლიქტის დასრულება, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
