ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ვიდეომასალას, რომლის მიხედვითაც, ისლამურმა ქვეყანამ იორდანიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
როგორც სამეფოში იუწყებიან, საბრძოლო-საფრენმა აპარატებმა დანიშნულების პუნქტამდე მიღწევა ვერ შეძლეს და ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დროულად გადაიჭირეს.
ამ ნაბიჯით, თეირანმა ბოლო მოუღო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რამდენიმედღიან პაუზას, როდესაც ურთიერთიერიშები მათსა და ვაშინგტონის სამხედრო ძალებს შორის შეჩერებული იყო.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ისლამურმა ქვეყანამ უარყო ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ომანის შეთავაზება, რომელიც ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მარშრუტზე ერთობლივი კონტროლის დამყარებას გულისხმობს.
მაღალჩინოსნის თქმით, შეთავაზება არ პასუხობდა თეირანის მთავარ მოთხოვნებს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო წინადადება წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს დროებით გეგმას გემების ირანის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილებისთვის.
მან ასევე დასძინა, რომ ირანის მიზანია, სრუტე „აღარასოდეს დაუბრუნდეს ომამდელ მდგომარეობას“.
გასულ უქმეებზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ მისცემდა შანსს დიპლომატიურ პროცესს, მოგვიანებით კი, შტატების პრეზიდენტის თქმით, ირანთან მოლაპარაკებები „კარგად“ მიმდინარეობდა, თუმცა კონფლიქტის ზონაში ვითარება სხვაგვარია.
ექსპერტების ვარაუდით, ისლამური ქვეყანა შეეცადა „მოულოდნელი თავდასხმის ეფექტი“ შეექმნა და თითქოსდა მოდუნებული ამერიკული ძალების წინააღმდეგ იერიშების განხორციელება, თუმცა, ცენტრალური სარდლობის თანახმად, მათი სამხედროები ურთიერთიერიშების შეწყვეტის შემდეგაც „სრულ მზადყოფნაში რჩებოდნენ“.
მანამდე, ამერიკელმა ჯარისკაცებმა სხვადასხვა ტიპის შეიარაღებითა და საუდის არაბეთის სამხედრო ძალებთან კოორდინაციით, იერიში მიიტანეს ერაყში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც თეირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ.
ამასთანავე, ვაშინგტონის ცნობით, ირანის მხრიდან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში განლაგებული ამერიკული ბაზების მიმართულებით გაშვებული რაკეტების მოგერიება შეძლეს.
ერაყში განხორციელებული დარტყმების შესახებ საუბრისას, აშშ-მა გააფრთხილა ისლამური ქვეყანა, რომ ამერიკელ სამხედროებზე ან საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი ახალი თავდასხმა დამატებით საპასუხო მოქმედებებს მისცემდა ბიძგს.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მანამდე განახორციელა, ვიდრე აშშ-ისა და საუდის არაბეთის ძალები ერაყში იერიშებს მიიტანდნენ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა დარტყმების ფაქტი. უწყების ცნობით, „სამეფო არ მიისწრაფვის ვითარების ესკალაციისკენ, თუმცა მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შესაბამისად უპასუხებს.“
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რიადმა სამშაბათს განაცხადა, რომ ზედიზედ მეორე დღეა, ანადგურებს ერაყში მოქმედი, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გაშვებულ დრონებს.
შემთხვევის პარალელურად, ბაღდადმა აღნიშნა, რომ ერთგულია მის მიერ აღებული ვალდებულებისა, „არ დაუშვას ერაყის ტერიტორიის გამოყენება როგორც მარშრუტად, ისე საწყის პლატფორმად ნებისმიერი თავდასხმისთვის, რომელიც მეგობარ ან მოძმე სახელმწიფოებს მიზანში ამოღებას გულისხმობს“.
რაც შეეხება თეირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ერაყის ისლამური წინააღმდეგობის“ პოზიციას, ის კატეგორიულად უარყოფს საუდის არაბეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მათ „ფაბრიკაციას“ უწოდებს - ამავდროულად, მიუთითებს, რომ მომხდარი თავდასხმები, სავარაუდოდ, ჰუთებმა განახორციელეს.
