კატეგორიები

დახურულ კარს მიღმა შემდგარი პროდუქტიული შეხვედრა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის

დახურულ კარს მიღმა შემდგარი პროდუქტიული შეხვედრა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის
მორიგი შეხვედრა არასრულ ერთ თვეში, თუმცა ამჯერად თეთრ სახლში - უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის დახურულ კარს მიღმა პირისპირი კომუნიკაცია, ორივე მხარის ცნობით, პროდუქტიული აღმოჩნდა.

ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის თქმით, დონალდ ტრამპთან საუბრის ძირითად ფოკუსში მოქცეული იყო უკრაინის თავდაცვისუნარიანობის საკითხი და მის მიერვე ჯერ კიდევ NATO-ს ანკარას სამიტზე გაცემული დაპირება კიევისთვის „მიწა-ჰაერი“ ტიპის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით. პრეზიდენტებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ კრემლის სრულმასშტაბიანი აგრესიის დიპლომატიური გზით მოგვარების თემაც.

„ჩვენი მიზანია, რომ უკრაინამ შეძლოს თავად აწარმოოს ყველაფერი, რაც გაანადგურებს ნებისმიერ საფრთხეს - ირანულ Shahed-ებს, რუსულ დრონებსა და სხვა მსგავს საშუალებებს.

ჩვენ უკვე გვაქვს დრონების ჩამომგდები აპარატები, თანამედროვე ელექტრონული ბრძოლის სისტემები, თუმცა, რეალური პრობლემა ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემები და ანტიბალისტიკური რაკეტებია.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპს გავუზიარე ჩვენი საჭიროებები. მადლობა გადავუხადე მას ამ შეხვედრისთვის. ახლა კი იგივე ინფორმაცია სენატორებსაც გავუზიარე. ვეცდებით, ეს  საკითხი მოვაგვაროთ, რადგან ეს ძალიან დიდი გამოწვევაა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შტატებში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, სენატმა პროცედურული კენჭისყრის ფარგლებში, მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებას გულისხმობს.

ამ შეზღუდვებზე „რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა და სწორედ მის დაკრძალვაზე ჩავიდნენ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები.

კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ოფიციალური პირების, ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების, ბანკებისა და სხვა ფინანსური დაწესებულებების, ასევე უცხოელი მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ კრემლის აგრესიას. სანქციები ასევე შეეხება ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს.

ამასთან, დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, დააწესოს იმპორტის ტარიფები იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც რუსეთისგან ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვან მოცულობებს ყიდულობენ ან ხელს უწყობენ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას.

„ეს კანონპროექტი რუსული ნავთობისა და გაზის ხუთი უმსხვილესი მყიდველის მიმართ არის გათვლილი. ის საგულდაგულოდაა შემუშავებული, რათა ჩვენი მოკავშირეები არ დაზარალდნენ და მთავარი ზეწოლა ჩინეთსა და ინდოეთზე იყოს მიმართული.

პირდაპირ ვთქვათ - მთავარი პასუხისმგებლები სწორედ ჩინეთი და ინდოეთი არიან. ისინი რუსული ნავთობისა და გაზის უდიდეს ნაწილს ყიდულობენ. ამით ისინი აფინანსებენ რუსეთის სამხედრო მანქანას და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც ჩვენს ინტერესებს არაფრით ეხმარებიან.

ტარიფების ეფექტიც უკვე ვნახეთ. პრეზიდენტმა ინდოეთს, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რის შემდეგაც მან რუსული ნავთობის შესყიდვები 50%-ით შეამცირა“, - განაცხადა სენატორმა, რიჩარდ ბმულენთალმა.

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა ამერიკული თავდაცვითი კომპანია Lockheed Martin-ის გუნდს - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდაცვითი საწარმოს წარმომადგენლებს, რომელთანაც კიევი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობს. ეს კომპანია აწარმოებს ATACMS-ის ტიპის რაკეტებს, HIMARS-ის სისტემებს, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს, ასევე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებს.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პრესის ცნობით, კიევს პირველად, ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ომში მყოფი ქვეყნის მდგომარეობას ადგილზევე შეაფასებენ.

დაკავშირებული ამბები
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან „ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი“ ჰქონდა აშშ-მა და საუდის არაბეთმა ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს დაარტყეს