ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რამდენიმედღიანი პაუზა საბრძოლო მოქმედებების მიმართულებით, მორიგ ჯერზე დასრულდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, საუდის არაბეთის სამხედრო ძალებთან ერთად, იერიში მიიტანეს ერაყში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც თეირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ.
ამასთანავე, ვაშინგტონის ცნობით, ირანის მხრიდან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში განლაგებული ამერიკული ბაზების მიმართულებით გაშვებული რაკეტების მოგერიება შეძლეს.
ერაყში განხორციელებული დარტყმების შესახებ საუბრისას, აშშ-მა გააფრთხილა ისლამური ქვეყანა, რომ ამერიკელ სამხედროებზე ან საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი ახალი თავდასხმა დამატებით საპასუხო მოქმედებებს მისცემდა ბიძგს.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მანამდე განახორციელა, ვიდრე აშშ-ისა და საუდის არაბეთის ძალები ერაყში იერიშებს მიიტანდნენ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყო.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დაადასტურა დარტყმების ფაქტი. უწყების ცნობით, „სამეფო არ მიისწრაფვის ვითარების ესკალაციისკენ, თუმცა მის წინააღმდეგ ნებისმიერ აგრესიას შესაბამისად უპასუხებს.“
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რიადმა სამშაბათს განაცხადა, რომ ზედიზედ მეორე დღეა, ანადგურებს ერაყში მოქმედი, ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ გაშვებულ დრონებს.
შემთხვევის პარალელურად, ბაღდადმა აღნიშნა, რომ ერთგულია მის მიერ აღებული ვალდებულებისა, „არ დაუშვას ერაყის ტერიტორიის გამოყენება როგორც მარშრუტად, ისე საწყის პლატფორმად ნებისმიერი თავდასხმისთვის, რომელიც მეგობარ ან მოძმე სახელმწიფოებს მიზანში ამოღებას გულისხმობს“.
რაც შეეხება თეირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ერაყის ისლამური წინააღმდეგობის“ პოზიციას, ის კატეგორიულად უარყოფს საუდის არაბეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და მათ „ფაბრიკაციას“ უწოდებს - ამავდროულად, მიუთითებს, რომ მომხდარი თავდასხმები, სავარაუდოდ, ჰუთებმა განახორციელეს.
