კატეგორიები

ვაშინგტონმა დაიწყო ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი

ვაშინგტონმა დაიწყო ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი
Copyright AP Photo/Ahn Young-joon

მიმდინარე კვირაში ვაშინგტონმა ოფიციალურად დაიწყო ევროპაში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხის გადახედვა.

გადაწყვეტილების შესახებ შეერთებული შტატების ომის მდივნის მოადგილემ, ელბრიჯ კოლბიმ პლატფორმა X-ზე დაწერა და თქვა, რომ ეს ნაბიჯი მიმართულია NATO-ს „სწრაფი და შეუქცევადი განვითარებისკენ იმისთვის, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვისუნარიანობაზე აიღოს ძირითადი პასუხისმგებლობა“.

მისივე თქმით, ვაშინგტონის ამ ქმედებების საბოლოო შედეგი იქნება NATO-ს უფრო ძლიერ, სამართლიან და მდგრად ალიანსად გადაქცევა.

ივნისში, ბრიუსელში ვიზიტისა და ნატოელი მოკავშირეების ლიდერებთან შეხვედრებისას, თავად პიტ ჰეგსეტმა გააჟღერა ვაშინგტონის გეგმები.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა დონალდ ტრამპის კრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისამართით, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციისადმი NATO-ს წევრი ქვეყნების გულგრილობითა და ვაშინგტონისთვის დახმარების გაწევაზე უარით.

თეთრი სახლის ლიდერი მოკავშირეების საქციელით იმედგაცრუებული და განაწყენებული დარჩა, თუმცა მისი ეს დამოკიდებულება ყველაზე მეტად აისახა ესპანეთსა და იტალიასთან ურთიერთობებში.

ზოგადად, ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ევროპელი მოკავშირეებისთვის დარტყმაა, თუმცა არა მოულოდნელი, რადგან მათ სულ უფრო არაპროგნოზირებად მოკავშირესთან უწევთ ადაპტირება.

გასულ თვეს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, განაცხადა, რომ მოკავშირეებმა იცოდნენ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც შეერთებული შტატები გარკვეულ ეტაპზე ევროპიდან ჯარების გაყვანას აპირებდა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს უნდა შეეძლოს საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად ზრუნვა.

ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა NATO-ს ანკარას სამიტი, რომელიც 7 და 8 ივლისს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებებმა კვლავ გარკვეული ბუნდოვანება გააჩინეს, ევროპული სახელმწიფოები და კანადა შეთანხმდნენ, რომ ძველებურად ვეღარაფერი იქნება - თავდაცვისუნარიანობაზე ქვეყნებმა თავად, დამოუკიდებლად უნდა იზრუნონ.

დაკავშირებული ამბები
ვაშინგტონმა დაიწყო ევროპაში საკუთარი სამხედრო ძალების განლაგების გადახედვის პროცესი ევროკავშირის თქმით, ტყის ხანძრების გამო რეაგირების სისტემები გადატვირთულია