კატეგორიები

საზღვრიდან 1 300 კილომეტრში - უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

საზღვრიდან 1 300 კილომეტრში - უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

27-28 ივლისის ღამით უკრაინამ მის წინააღმდეგ მწარმოებელი სამხედრო აგრესიის ქვეყნის მიმართულებით ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომელთა სამიზნედ იქცა რუსეთში მდებარე ენერგო და სხვადასხვა დანიშნულების სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ისინიც, რაზეც დამოკიდებულია რუსული ექსპორტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დრონებმა დაარტყეს როსტოვის ოლქში, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, ასევე იაროსლავის ოლქსა და უდმურტიის რესპუბლიკაში, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 1 300 კილომეტრში მდებარე ობიექტებს.

კიევში აცხადებენ, რომ მიზანი არის მოსკოვის იძულება, ზეწოლის გზით მიუბრუნდეს დიპლომატიურ პროცესს და დაასრულოს სრულმასშტაბიანი აგრესია.

რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელთა სამიზნე მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები არ ყოფილა, არამედ სამოქალაქო დანიშნულების შენობებიც, რის შედეგადაც, რუსი ოფიციალური პირების თანახმად, როსტოვის ოლქში 5 ადამიანი დაიღუპა, მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში კი 12 პირი დაშავდა.

კიევის ე.წ. „შორი მოქმედების სანქციების“ შესახებ საუბარი მოუწია ვლადიმერ პუტინსაც. სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის წევრებთან კრემლში შეხვედრისას, მან კვლავ გაიმეორა ის, რაც დასავლელი ლიდერებისთვისაც და უკრაინის ხელმძღვანელობისთვისაც კარგადაა ცნობილი - მოსკოვი არ აპირებს სამხედრო მოქმედებების დასრულებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რუსეთის სახელმწიფოებრიობის დესტაბილიზაციისა და ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი განხეთქილების გამოწვევის მცდელობის ფარგლებში, მათ სცადეს ჩვენი ეკონომიკის, ფინანსური სისტემისა და საბანკო სექტორის დასუსტება, ასევე ჩვენი მეცნიერების, მრეწველობისა და განათლების პოტენციალის შერყევა.

ისინი ვერ ახერხებენ რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე, ამიტომ ფსონს დებენ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ღიად ტერორისტული მეთოდების გამოყენებაზე.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები გმირულად იბრძვიან რუსეთისა და საკუთარი სამშობლოსთვის. მათ მხარს უჭერს მთელი ჩვენი ერი და მთელი საზოგადოება. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ - გამარჯვებისთვის, რუსეთისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის მშვიდობისკენ იძულების მიზნით, უკრაინა აქტიურად უტევს არამხოლოდ აგრესორი ქვეყნის სიღრმეებს, არამედ კრემლის ჯარების ოკუპაციის ქვეშ მოქცეულ საკუთარ ტერიტორიებსაც - მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულს, სადაც 14 ენერგოობიექტია დაზიანებული.

ეს არის კიევის კამპანიის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ანექსირებული ტერიტორიის იზოლაციაში მოქცევას და მის კუნძულად გადაქცევას, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო.

გასული თვის განმავლობაში ყირიმში მცხოვრებ რუს მოქალაქეებს დასახლებების დატოვება მოუწიათ, შეიქმნა საწვავის დეფიციტიც - ისევე როგორც რუსეთის ძირითად ტერიტორიაზე, სადაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტის გაყიდვაზე ლიმიტებია დაწესებული.

ქვეყანა, რომელიც 2026 წლის ივნისის მონაცემებით, დღიურად 8 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა, თავად აღმოჩნდა ენერგოკრიზისის წინაშე, უკრაინის გააქტიურებული დარტყმების გამო.

მოსკოვს მოუწია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა - ნედლეულის იმპორტი იმ სახელმწიფოებისგან, რომლებშიც მანამდე ნავთობს თავად ყიდდა და საწვავის ხარისხთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლა.

ავტოგასამართ სადგურებზე მძღოლებს ევრო 3-ისა და ხშირად ევრო-2-ის სტანდარტების ბენზინი და დიზელი ხვდებათ, რაც თანამედროვე ავტომობილების მწყობრიდან გამოყვანას იწვევს, რომ აღარაფერი ითქვას მძიმე ეკოლოგიურ შედეგებზე.

დაკავშირებული ამბები
საზღვრიდან 1 300 კილომეტრში - უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია უკრაინამ კვლავ დაარტყა რუსული Wildberries-ის საწყობებს - ამჯერად სანქტ-პეტერბურგში