კატეგორიები

უკრაინამ კვლავ დაარტყა რუსული Wildberries-ის საწყობებს - ამჯერად სანქტ-პეტერბურგში

უკრაინამ კვლავ დაარტყა რუსული Wildberries-ის საწყობებს - ამჯერად სანქტ-პეტერბურგში
უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული დარტყმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამჯერად სანქტ-პეტერბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობი გახდა - რუსულ Amazon-ად წოდებული პლატფორმის, რომელიც უკვე მრავალმილიარდიან ზარალს განიცდის, რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში დაბომბილი სასაწყობე ფართების გამო.

დრონებით იერიშების გამო, რუსეთის 10 აეროპორტში დროებით მოუწიათ შეზღუდვების დაწესება, მათ შორის ფრენები შეჩერდა ქვეყნის „ჩრდილოეთ დედაქალაქად“ წოდებული პულკოვოს აეროპორტშიც.

იერიშების შესახებ იუწყებიან სხვა ქალაქებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი, ღამის განმავლობაში შეძლეს 571 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება, რაც, როგორც სოციალურ და რუსულ სახელმწიფო მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, არასაკმარისი აღმოჩნდა.

გაძლიერებული იერიშების ფონზე, ბევრს უჩნდება კითხვა - რატომ ამოიღო უკრაინამ მიზანში Wildberries-ი - კომპანია, რომელიც, როგორც წესი, არ წარმოადგენს სამხედრო ობიექტს და რუსი მოქალაქეებისთვის სავაჭრო პლატფორმაა.

კიევის თანახმად, დარტყმების ქვეშ მოქცეული საწყობები იყო „ლოგისტიკური ცენტრები, რომელიც რუსეთის არმიას დრონებისთვის საჭირო კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობითა და ეკიპირებით ამარაგებდნენ“.

ეს ცნობა ვლადიმერ პუტინის პრესმიდვანმა უარყო, თუმცა Wildberries-ის სავაჭრო პლატფორმა სხვა რეალობას აჩვენებს - კიევის მიერ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი მართლაც იყიდება და მათი პოვნა შესაძლებელია საძიებო სისტემის გამოყენებით.

მეორე მხარეა ეკონომიკური ზიანის მიყენება, რაც უკრაინის კიდევ ერთი პრიორიტეტია მოსკოვის მშვიდობისკენ იძულებისთვის.

თუ დავუჯერებთ რუსულ სტატისტიკურ სამსახურებს, 2025 წელს Wildberries-ის წლიურმა ბრუნვამ 6 ტრილიონ რუბლს, ანუ 76 მილიარდ 774 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3%-ს შეადგენს - ამ შემოსავლების დაკარგვა, ომის ამჟამინდელი მიმდინარეობის გათვალისწინებით კი, კრემლისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

„რუსეთში ონლაინ საცალო ვაჭრობა 2022 წლიდან ძალიან სწრაფად გაიზარდა. მოდისა და სხვა სფეროებში მსხვილი უცხოური საცალო კომპანიების ბაზრიდან გასვლამ, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ონლაინ ვაჭრობის სწრაფ ზრდას. ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა Wildberries-ი და Ozon-ი - ქვეყანაში ონლაინ გაყიდვების დაახლოებით 75% მოდის.

თუმცა, მთლიანად ონლაინ ბაზრის, საცალო ვაჭრობის სექტორის ან, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის მასშტაბით, ამ ეტაპზე მიყენებული ზიანი შედარებით მცირეა. ეს უფრო მორალურ-ფსიქოლოგიურ გავლენას ეხება - ადამიანებს უჩნდებათ კითხვები მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რადგან ახლა ისინი თვალნათლივ ხედავენ, რომ კონფლიქტი მათ საცხოვრებელ უბნებამდეც მივიდა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა, კრის უიფერმა.

რუს საზოგადოებას შორის უკმაყოფილების გამოწვევაც არის უკრაინის დარტყმების პრიორიტეტთა შორის, რასაც კიევი „შორი მოქმედების სანქციებს“ უწოდებს.

ცალკე საკითხია, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს Wildberries-ის საწყობები „ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად“ მხოლოდ იმის გამო, რომ მათ პლატფორმაზე იყიდება ორმაგი დანიშნულების პროდუქტები.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტების თქმით - არა - ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან განსხვავებით, რომლებიც პირდაპირ ხელს უწყობენ ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლას.

თუმცაღა, მათივე გათვლებით, ნაკლებად სავარაუდოა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ შორეულ პერსპექტივაში დაიწყოს ამ თავდასხმების განხილვა და მათი შეფასება როგორც „ტერორისტული აქტები“, რადგან რუსეთს არ მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება - მხოლოდ ხელმოწერას კი იურიდიული ძალა არ აქვს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინამ კვლავ დაარტყა რუსული Wildberries-ის საწყობებს - ამჯერად სანქტ-პეტერბურგში რუსეთმა ქვეყნიდან იტალიელი სამხედრო ატაშე გაიწვია