კატეგორიები

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანთან მოლაპარაკებები „კარგად“ მიმდინარეობს

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანთან მოლაპარაკებები „კარგად“ მიმდინარეობს
Copyright Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ თეირანმა ვაშინგტონთან შეხვედრები თავად მოითხოვა, მოლაპარაკებები „კარგად“ მიმდინარეობს და შეთანხმების შანსებიც „კარგია.“ მანვე მიანიშნა, თუკი მხარეები ვერ მორიგდებიან ვაშინგტონი იმას დაუბრუნდება, რასაც აქამდე აკეთებდა და ირანზე კვლავ სამხედრო დარტყმებს მიიტანს.

ეს განცხადებები დონალდ ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მანვე თქვა, რომ მიზეზი, რატომაც ირანის ხელმძღვანელობამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუბრის ინიციატივა თავად გამოიჩინა და ამისთვის ამერიკულ მხარეს პირდაპირაც დაუკავშირდა, ისაა, რომ ამერიკული ძალები ირანს „ძალიან ძლიერად ურტყამენ“.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიედენტმა უარყო მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების მიმართ მოთმინებას კარგავს და თქვა, რომ დრო საკმარისად აქვს.

მანვე უპასუხა კითხვა ვაშინგტონის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც და ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დიდი რაოდენობით ამერიკული შეიარაღების გადაცემაში კიდევ დაადანაშაულა.

„მათი სამხედრო ძალები პრაქტიკულად გავანადგურეთ. ახლა მათ შეხვედრა სურთ და და ჩვენც ვხვდებით. ვნახოთ, რა მოხდება. შანსია, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ. რომ არა ის, რაც გავაკეთეთ, ისინი ჩვენთან არც ისაუბრებდნენ. მათ შეხვედრა ითხოვეს -როგორც შუამავლების მეშვეობით, ისე პირდაპირ. ვხვდებით და შესაძლოა კარგი შედეგიც მივიღოთ.

ჩვენ ბევრი საბრძოლო მასალა გვაქვს - სხვადასხვა ტიპის. ბაიდენმა უკრაინას ძალიან ბევრი მისცა. ამიტომ ახლა მარაგებს ვავსებთ. თუმცა, საშუალო კლასის შეიარაღებაც ბევრი გვაქვს - იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე დაგვჭირდება, ნებისმიერ შემთხვევაში. ბევრი ვაქვს, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტიც მინდა გვქონდეს. ბაიდენმა უკრაინას ძალიან ბევრი მისცა. როცა მე თანამდებობა დავტოვე, საწყობები სავსე იყო. როცა ობამას შემდეგ მოვედი, მას საბრძოლო მასალა არ ჰქონდა შეძენილი. ძალიან ცოტა გვქონდა. მე ეს ყველაფერი შევავსე. შემდეგ, როგორც კი წავედი, ამ მარაგების დიდი ნაწილი უკრაინას გადასცეს - ისეთი რაოდენობით, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ახლა კი წარმოებას ძალიან სწრაფად ვზრდით“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპს ჰკითხეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადების თაობაზეც, რომლის თანახმადაც, რუსეთი ირანს სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე ამერიკული ბაზების სატელიტურ გამოსახულებას აწვდის.

პასუხად მან განაცხადა, რომ თუნდაც ეს სიმართლე იყოს, ამას პრაქტიკული გავლენა არ აქვს.

„გავარკვევთ, ეს სიმართლეა თუ არა. პუტინს ვკითხავ. გავიგებთ. თუმცა, ამას დიდი გავლენა არ ჰქონია, რადგან ისინი გავანადგურეთ. ნახეთ, თუ ეს მართლაც ასეა: რუსეთმა ვენესუელასაც ბევრი აღჭურვილობა გადასცა. ვენესუელას სრულიად რუსული შეიარაღება ჰქონდა. და როგორ დასრულდა ეს? არც ისე კარგად. ასე რომ, შესაძლოა, მართლაც აწვდიდნენ, მაგრამ თუ ასეა, ამან არ იმუშავა, რადგან მათ აღარ ჰყავთ არმია, საჰაერო ძალები, ფლოტი - აღარაფერი დარჩათ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ირანისთვის ამერიკული ბაზების სატელიტური ფოტოების მიწოდებაში ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე დაადანაშაულა.

დაკავშირებული ამბები
ირანი ბულგარეთს უკვე მესამეჯერ აფრთხილებს აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების განლაგების გამო დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანთან მოლაპარაკებები „კარგად“ მიმდინარეობს