კატეგორიები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალ სამხედრო ტექნოლოგიას გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალ სამხედრო ტექნოლოგიას გადასცემს
Copyright AP Photo

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდა. ეს ბერნემის პრემიერობის პერიოდში უცხოელი ლიდერის პირველი ვიზიტია. ლონდონის განცხადებით, შეხვედრა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ბრიტანეთი უკრაინის ურყევი მხარდამჭერია.

პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე გამართული შეხვედრისას ზელენსკი და ბერნემი დიდ ბრიტანეთში მომზადების კურსზე მყოფ 200-ზე მეტ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურესაც შეხვდნენ. ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სამკვირიანი სწავლების მიზანი შავი ზღვის რეგიონში უკრაინელი სამხედროების საბრძოლო შესაძლებლობებისა და ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციების უნარების გაძლიერება იყო.

ვიზიტის ფარგლებში ლონდონმა კიევს ელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემის, „სტოუნ კლოუკის“ ტექნოლოგიის ინტელექტუალური საკუთრების გადაცემაც დაუდასტურა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, სისტემა რუსეთის საჰაერო თავდაცვის რადარების ჩახშობასა და უკრაინული დრონების აღმოჩენის შეფერხებას შეძლებს, რაც მათ ოპერაციების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„ვფიქრობ, უკრაინაში შეიძლება გაჩენილიყო კითხვა: ბრიტანეთში ხელისუფლება შეიცვალა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ შეიცვლება ბრიტანეთის დამოკიდებულებაც უკრაინის მიმართ? მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ასე არ არის. ეს საკითხი ბრიტანეთში პარტიულ დაპირისპირებას არ უკავშირდება. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ერთი მხარე მხარს გიჭერს და მეორე - არა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთნაირად აღიქვამს იმ უსამართლობას, რომლის გადატანაც უკრაინას უწევს. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ჩვენი მოვალეობაა თქვენ გვერდით დგომა და თქვენი მხარდაჭერა. მიხარია, რომ ამის თქმა პირადად ძალიან მალე შევძელი, რადგან არ გვინდოდა, ვინმეს შექმნოდა შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე შეიცვალა. არანაირი ცვლილება არ არის. პირადად მეც ვმუშაობდი უკრაინელებთან“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ენდი ბერნემის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პირველი უცხოელი სტუმარი ლიდერი ვარ. ამას ძალიან ვაფასებთ. ვიცი, რომ აქ, პორტსმუთში, განსაკუთრებული პატივისცემით ეკიდებიან ჩვენს სამხედროებს, განსაკუთრებით კი ჩვენს მეზღვაურებს. მადლობა ამისთვის. უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მადლობას ვუხდი ენდის იმისთვის, რომ  ამ პარტნიორობისადმი ერთგულების,  თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. თავდაცვა და უსაფრთხოება მხოლოდ სიტყვები არასოდეს არის. დღეს ყველა ხედავს, რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო ყოველდღიურად. ჰორმუზის სრუტე ნორმალურად აღარ ფუნქციონირებს. რუსეთი ცდილობს, შავ ზღვაში ჩვენი პორტების, მათ შორის ოდესის მიმართულებით საზღვაო მარშრუტები დაბლოკოს, ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამას ხელი შევუშალოთ. ყოველი დაბლოკილი საზღვაო გზა შორეული პრობლემა არ არის. ის აზიანებს გლობალურ უსაფრთხოებას, აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობასა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანების ცხოვრებას აძვირებს“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში გაემგზავრება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. მხარეები, სავარაუდოდ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, უსაფრთხოების გარანტიებისა და ომის დასრულების პერსპექტივებს განიხილავენ

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირის თქმით, ტყის ხანძრების გამო რეაგირების სისტემები გადატვირთულია დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალ სამხედრო ტექნოლოგიას გადასცემს