კატეგორიები

ზელენსკის ვარაუდით, პუტინი სექტემბრის ბოლოსთვის სამხედრო მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს

ზელენსკის ვარაუდით, პუტინი სექტემბრის ბოლოსთვის სამხედრო მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს
ემზადება თუ არა მოსკოვი სამხედრო მობილიზაციის ახალი ტალღისთვის, რომლის ფარგლებშიც შეიარაღებულ ძალებში დამატებით რამდენიმე ათას ჯარისკაცს გაიწვევენ? - ამ კითხვაზე პასუხი ვოლოდიმირ ზელენსკიმ სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გასცა Sky News-თან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ფრონტზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვლადიმერ პუტინი ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს, თუმცა სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დასრულების შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის.

ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის შეფასებით, კრემლისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა სერიოზულ პრობლემებს შექმნის, რადგან პუტინის მიზანია 300 000-დან ნახევარ მილიონამდე ჯარისკაცის მობილიზება, ამ ინიციატივას კი რუს საზოგადოებას შორის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოქალაქეები ემხრობიან უკრაინის წინააღმდეგ ომის ან, როგორც მას რუსეთში ეძახიან, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელებას „საბოლოო მიზნების მიღწევამდე“.

„პუტინი არ არის მზად, ეს ომი შეაჩეროს. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, ის მობილიზაციისთვის ემზადება. მისი გეგმაა, ეს გააკეთოს სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, 21 სექტემბერს. მას სურს მობილიზაციის გაფართოება. ამას საჯაროდ არ გააკეთებს, რადგან საკუთარი საზოგადოების რეაქციის ეშინია, თუმცა, თუ ჩვენ მას პრობლემებს არ შევუქმნით ლოგისტიკის, იარაღისა და საწვავის მომარაგების კუთხით და თუ ჩვენი პარტნიორები მისი აგრესიის საპასუხოდ სრულ სანქციებს არ დააწესებენ, ის ამას ოქტომბრის დასაწყისში გააკეთებს...

ის ამ ადამიანების სწრაფად მომზადებას ვერ შეძლებს. ეს კი ნიშნავს, რომ კვლავ ცუდად მომზადებულ სამხედროებს გაგზავნის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რაც, თავის მხრივ, დიდ დანაკარგებს გამოიწვევს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს რუსეთმა ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სარკინიგზო საზღვრის „დროებით ჩაკეტვის“ შესახებ განაცხადა.

კრემლის განცხადებაში მითითებული იყო, რომ იკძრალება როგორც მოქალაქეთა, ისე პროდუქციისა თუ ტვირთვის ტრანსპორტირება.

ანალიტიკოსებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის მორიგი ტალღის მოსალოდნელი გამოცხადება.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის სექტემბრის ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რამდენად არაპოპულარულია ეს ნაბიჯი, რის გამოც ასობით ათას მოქალაქეს რუსეთიდან გაქცევა მოუწია, კრემლი სხვანაირად ვერ ახერხებს ფრონტზე წინსვლას.

იანვარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთმა 1 მილიონ 200 000-მდე საბრძოლო დანაკარგი განიცადა, მათ შორის 325 000-მდე სამხედრო დაიღუპა.

პარალელურად, უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 70 500-მდე ახალმა რუსმა სამხედრომ გააფორმა კონტრაქტი და შეუერთდა ბრძოლის ველს.

თუკი ამ მონაცემებს დავუჯერებთ, კოლოსალური დანაკარგების შესავსებად, მოსკოვს ყოველთვიურად 30 000-ზე მეტი ახალი ჯარისკაცის მობილიზება სჭირდება.

დაკავშირებული ამბები
ზელენსკის ვარაუდით, პუტინი სექტემბრის ბოლოსთვის სამხედრო მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს უკრაინა ქვეყნის თავდაცვის ახალ სტრატეგიაზე გადადის