უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ახალი მთავარსარდალი ჰყავს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობაზე 43 წლის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სტრატეგია ახალ ეტაპზე გადადის.
დრაპატი იმ ახალი თაობის უკრაინელ სამხედრო მეთაურებს მიეკუთვნება, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება 2014 წლიდან, რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, მიიღეს. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, მისი დანიშვნა უკრაინის არმიის განახლებასა და თანამედროვე სამხედრო გამოწვევებთან ადაპტაციის პროცესის გაგრძელებას ემსახურება.
„უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზამთრისთვის „პეტრიოტის“ 300 რაკეტა გვჭირდება. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო ზამთრის სამხედრო კამპანიისთვის. ვემზადებით, რადგან შესაძლოა, რუსეთმა დუმის არჩევნების შემდეგ დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს ან უკვე არსებული მობილიზაცია კიდევ უფრო გააძლიეროს. შედეგად შესაძლოა კონფლიქტი და ომი კიდევ უფრო გახანგრძლივდეს, რის გამოც სტრატეგიის შეცვლა და ჩვენი მიდგომების გადახედვა მოგვიწევს. ვფიქრობ, ეს მიმდინარე რესტრუქტურიზაციის ნაწილია, რომელიც, ჩემი აზრით, ჯერ დასრულებული არ არის. სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ცვლილებების შემდეგ შეიარაღებული ძალების სარდლობის სტრუქტურაშიც ვიხილავთ გადაადგილებებს ახალი მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატისა და გენერალური შტაბის ახალი უფროსის დანიშვნის პარალელურად. ალბათ დამატებითი საკადრო გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. ეს კი, ფაქტობრივად, ომისა და რუსეთთან დაპირისპირების ახალი ეტაპისთვის მზადებაა“ - განაცხადა სამხედრო და სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ მუსიიენკომ.
ვოლოდიმირ ზლენსკის განცხადებით, ახალმა მთავარსარდალმა უახლოეს პერიოდში უნდა წარადგინოს თავდაცვის განახლებული გეგმა. დოკუმენტი სამხედრო რეფორმის გაგრძელებას, იარაღისა და დრონების მიწოდების დაჩქარებას, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და მობილიზაციის სისტემის დახვეწას ითვალისწინებს.
საკადრო ცვლილებები მას შემდეგ გატარდა, რაც ზელენსკიმ მთავრობის რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი. მათი დაპირისპირება ბოლო პერიოდში უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნეოდა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, მიხაილო დრაპატი, ოფიციალურად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ყველა ცვლილება უკვე გატარებულია. მიხაილო დრაპატისა და ევჰენი ხმარასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი იგორ სკიბიუკი იქნება. ეს გადაწყვეტილებაც უკვე მიღებულია. ამ სამხედროებმა ბრძოლის ველზე მიიღეს გამოცდილება. ჯარისკაცები კარგად იცნობენ დრაპატის, ხმარასა და სკიბიუკს. ჩვენ, ასევე რუსტემ უმეროვი, კირილო ბუდანოვი და სერგი კისლიცია, ახლახან ვესაუბრეთ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. დიპლომატიური მიმართულებით პროცესი ყოველდღიურად წინ მიიწევს. ჩვენ არ ვწყვეტთ ძალისხმევას, რათა ეს ომი დასრულდეს. მთავარი ის არის, რომ რუსეთიც ნამდვილად მზად იყოს ომის დასასრულებლად“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი არმიის მართვის გაძლიერება და ომის ახალ ეტაპზე გადასვლაა. სამხედრო რეფორმების პარალელურად, კიევი დასავლელი პარტნიორებისგან დამატებით სამხედრო დახმარებასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას კვლავ აქტიურად ითხოვს. თუმცა უკრაინაში აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი შეთანხმების წინაპირობა უნდა იყოს რუსეთის რეალური მზადყოფნა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები.
