კატეგორიები

„სივრცე დიპლომატიისთვის“ - აშშ-ირანს შორის ურთიერთიერიშები შეჩერებულია

„სივრცე დიპლომატიისთვის“ - აშშ-ირანს შორის ურთიერთიერიშები შეჩერებულია
13-ღამიანი უწყვეტი ურთიერთიერიშების შემდეგ, გასულმა უქმეებმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გარეშე ჩაიარა.

ცენტრალური სარდლობის ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებზე დარტყმები შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ამერიკული მედიის ცნობით, პრეზიდენტ ტრამპს მისმა მრჩევლებმა შეატყობინეს, რომ ირანში სამიზნეები უმთავრდებათ და შიშობენ სამხედრო არსენალის ამოწურვის შესახებ.

ოფიციალურად ჯერ კიდევ უცნობია ის რეალური მიზეზი, რატომ შეაჩერა ამერიკულმა მხარემ დარტყმები ირანის წინააღმდეგ იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე დღით ადრე თავად დონალდ ტრამპი ჰპირდებოდა ისლამურ რესპუბლიკას განადგურებასა და „დიდი საფასურის გადახდას“ მოკლული ამერიკული ჯარისკაცებისთვის.

თეთრი სახლის ლიდერმა ცენტრალური სარდლობის ძალებს „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ გახსნაც კი უბრძანა, რაც მტრის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაფართოებას გულისხმობდა და მთელი მსოფლიოც ომის ახალი ფაზის დაწყებისთვის იყო მზად.

ამის მიუხედავად, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გაეროში შტატების ელჩის, მაიკ უოლცის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა „სივრცე მისცა დიპლომატიურ პროცესს“.

Fox News-თან საუბრისას მანვე უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონს ირანული დრონებისა თუ რაკეტების გადამჭერი სისტემების ან სხვა თავდაცვითი თუ შეტევითი შეიარაღების მარაგები ეწურება.

„პრეზიდენტ ტრამპს ესკალაციის არაერთი ვარიანტი აქვს. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ ინფრასტრუქტურასაც, რომელიც ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსისა და მათი სამხედრო ეკონომიკის მუშაობას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტისთვის არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ახლახან ვესაუბრე ჩვენს შესანიშნავ თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, და ყველა ეს ვარიანტი კვლავ განიხილება.

ამ კამპანიის წარმართვისთვის ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა. ეს შესაძლებელი გახდა იმ ინვესტიციების წყალობით, რომლებიც ტრამპმა სამხედრო სფეროში თავისი პრეზიდენტობის დასაწყისშივე განახორციელა.

ჩვენ რთული ვითარება დაგვხვდა - ჩვენი საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას გადაეცა, კიდევ ბევრი კი ჰუთების წინააღმდეგ ოპერაციებში დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, პარალელურად ვავსებთ ჩვენს არსენალს - უფრო იაფი, უფრო სწრაფად წარმოებადი და ტექნოლოგიურად უფრო განვითარებული საშუალებებით.

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ამერიკის სამხედრო ძალებს აქვთ ყველაფერი, რაც ამ კამპანიის გასაგრძელებლად სჭირდებათ, და რეგიონში დამატებითი სამხედრო რესურსებიც გადაადგილდება“, - განაცხადა გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა.

ურთიერთიერიშების შეჩერების შესახებ აცხადებს თეირანიც, თუმცა ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ისლამური ქვეყანა კვლავ მომხრეა ტაქტიკის „თავდასხმა თავდასხმისთვის“, რაც გულისხმობს სამხედრო პასუხის გაცემას, შტატების მხრიდან იერიშების განახლების შემთხვევაში.

„დაახლოებით ორი კვირის წინ ამერიკულმა მხარემ დაარღვია ისლამაბადის „ურთიერთგაგების მემორანდუმი“ და ჰორმუზის სრუტის სამხრეთით გემების გასატარებლად ხელოვნურად შექმნა უკანონო მარშრუტი. ვინაიდან ეს უკანონო მარშრუტი ისლამაბადის მემორანდუმის მე-5 მუხლს ეწინააღმდეგებოდა, ჩვენ სწრაფად ვუპასუხეთ და არ დავუშვით, რომ ამერიკელების მიერ შექმნილი და განმტკიცების მცდელობის ქვეშ მყოფი მარშრუტი დამკვიდრებულიყო...

ომის ამ ეტაპზე ჩვენი სტრატეგია საპასუხო მოქმედებას ეფუძნებოდა. ჩვენი მიზანი იყო საპასუხო შეკავების დამყარება, ამერიკის მიერ თავისი ვალდებულებების შემდგომი დარღვევის აღკვეთა და შეერთებული შტატების იმ მდგომარეობაში დაბრუნება, სადაც ის კვლავ დაიცავდა მემორანდუმის დებულებებს“, - განაცხადა ირანის არმიის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა, მოჰამად აკრამინიამ.

ანალიტიკოსები მანამდეც მიუთითებდნენ, რომ ვაშინგტონს ირანში მოვლენათა განვითარების ისეთივე მრავალფეროვანი ვარიანტები არ აქვს, როგორც ეს სულ რამდენიმე თვის წინ იყო.

მათივე თქმით, ირანმაც ალღო აუღო ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯებს და ისლამური ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, უკვე წინასწარაა ცნობილი, რაზე რა პასუხი ექნება თეთრ სახლს.

ექსპერტების შეფასებით, „რესპუბლიკელებისთვის“ არახელსაყრელია იმგვარი ხისტი ნაბიჯების გადადგმა, რაც 3 ნოემბრის არჩევნებისა და წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის განახლების შემდეგ მათ პოზიციებს შეასუსტებს.

მათივე თქმით, მოვლენათა ამჟამინდელი განვითარება, შესაძლოა, შეერთებული შტატები საერთაშორისო დონეზეც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს და განმეორდეს ერაყის ან ავღანეთის ერთგვარი „სამხედრო-პოლიტიკური ჩიხის“ სცენარი.

ამავე დროს, შეწყვეტილმა ურთიერთიერიშებმა დადებითად იმოქმედეს საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.  

დაკავშირებული ამბები
„სივრცე დიპლომატიისთვის“ - აშშ-ირანს შორის ურთიერთიერიშები შეჩერებულია აფეთქება ერაყში ამერიკულ ბაზასთან, თეირანის გაფრთხილება და ომის პოტენციური სცენარი