კატეგორიები

კიევში „ბრძნულსა და დროულს“ უწოდებენ ყაზახეთის პრეზიდენტის მოწოდებას უკრაინის ომის გაყინვასთან დაკავშირებით

კიევში „ბრძნულსა და დროულს“ უწოდებენ ყაზახეთის პრეზიდენტის მოწოდებას უკრაინის ომის გაყინვასთან დაკავშირებით
კეთილმეზობლური რჩევა და კატეგორიული უარი შუამავლის როლის შესრულებაზე - ომსკში რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტების, ერთი შეხედვით, რიგითმა და ჩვეულმა შეხვედრამ, სადაც მხარეები, როგორც წესი, სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, საერთაშორისო ყურადღება ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადების გამო მიიქცია.

აზიური ქვეყნის ლიდერმა თავის რუს კოლეგას მედიის თანდასწრებით განუცხადა, რომ უკრაინაში კრემლის მიერ მიმდინარე ომის ბუნება მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რაც, როგორც ამბობს, „სამარცხვინოა, რადგან ახალგაზრდა ადამიანები იხოცებიან“.

„უნდა ვაღიარო, რომ ბევრ სიგნალს ვიღებ როგორც ევროპიდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამის შესახებ უკვე სატელეფონო საუბარშიც გაცნობეთ. ეს სიგნალები დაკავშირებულია უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტთან.

როგორც იცით, თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი, ანუ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. ეს არ არის რაიმე სახის სამოქალაქო ომი.

ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით უკრაინელ ხალხს, მათ კულტურასა და ენას და გვჯერა, რომ ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე ნათელი არ არის.

ვიცი, რომ ანკორიჯში გამართული შეხვედრის დროს მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინეთ. ჩემი მოკრძალებული აზრით, რადგან ჩემი შეხედულება მკითხეს, შესაძლოა, დადგა დრო, ეს კონფლიქტი გაიყინოს და მხარეები დაუბრუნდნენ „სტამბულის ფორმულას“, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იყო მიღწეული. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის, გარანტიების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება დიდი ხნის ნანატრი მშვიდობისკენ წინსვლა“, - განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.

თოყაევის განცხადებას ამავე ფორუმზე უპასუხა ვლადიმერ პუტინმა, რომლის თქმითაც, ყაზახეთის ლიდერს, უკრაინის ფრონტზე მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალებს გააცნობს, თუმცა მოგვიანებით, კრემლის პრესმდივანმა უარყო ასტანას წინადადება კონფლიქტის გაყინვის თაობაზე.

ყაზახური მხარის ეს შეთავაზება მოეწონათ კიევში - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ „აფასებენ ყასიმ-ჟომართ თოყაევის პუტინისთვის ნათქვამი სიტყვები“, რომლებიც, მისი თქმით, „რეალისტური, დროული და ბრძნულია“.

ყაზახეთის პრეზიდენტს მანამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ასტანა არ უჭერს მხარს მოსკოვის აგრესიას და არ აღიარებს კრემლის არმიის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების, მათ შორის „დონცეკისა“ და „ლუჰანკის“ ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ დე ფაქტო „დამოუკიდებლობას“.

ყაზახეთმა უარი თქვა რუსეთის მხარდასაჭარედ უკრაინაში საკუთარი სამხედრო ძალების გაგზავნაზეც და ცდილობს, დიპლომატიური ბალანსი დაიცვას.

დაკავშირებული ამბები
კიევში „ბრძნულსა და დროულს“ უწოდებენ ყაზახეთის პრეზიდენტის მოწოდებას უკრაინის ომის გაყინვასთან დაკავშირებით გაეროს ხელმძღვანელი სირიის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმებას ითხოვს