კატეგორიები

ჰორმუზის სრუტეში ასობით გემი კვლავ შეფერხებულია

ჰორმუზის სრუტეში ასობით გემი კვლავ შეფერხებულია
ჰორმუზის სრუტეში ასობით გემი ათასობით მეზღვაურით კვლავ შეფერხებულია. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების  ზედამხედველობით მოქმედი საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი იუწყება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე კომერციული გემების გადაადგილება ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ახალი თავდასხმა არ დადასტურებულა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკები კვლავ მაღალია. გადამზიდავი კომპანიების დიდი ნაწილი ჰორმუზის სრუტეში შესვლისგან თავს იკავებს, რის გამოც მსოფლიო ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანეს მარშრუტზე მოძრაობა მკვეთრად შემცირებულია.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი ომის პარალელურად აგრძელებს მოლაპარაკებებს, რათა ჰორმუზის სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს. ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, კონსულტაციებმა გარკვეული პროგრესი უკვე აჩვენა. დიალოგი კვლავ გრძელდება.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიო ენერგეტიკული სისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. სწორედ ამ მარშრუტით გადის მსოფლიოში ზღვით გადაზიდული ნედლი ნავთობის დაახლოებით მეხუთედი და თხევადი ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ნაწილი. მარტიდან,  ომის დაწყების შემდეგ, ამ გზაზე კომერციული გადაზიდვები თითქმის პარალიზებულია.

შეშფოთება იზრდება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საზღვაო დერეფანთან დაკავშირებით. ეს არის ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს. გასულ კვირას ირანის მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ  საუდის არაბეთის სავაჭრო გემებს  ბლოკადას მოუწყობდნენ.  გავრცელებული ინფორმაციით, მათ ცეცხლი გაუხსნეს სულ მცირე საუდის ერთ ტანკერს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებში შექმნილი ვითარება მსოფლიო ვაჭრობისა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან ორივე გლობალური ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კრიტიკულად მნიშვნელოვანი დერეფანია.

დაკავშირებული ამბები
ჰორმუზის სრუტეში ასობით გემი კვლავ შეფერხებულია კიევში „ბრძნულსა და დროულს“ უწოდებენ ყაზახეთის პრეზიდენტის მოწოდებას უკრაინის ომის გაყინვასთან დაკავშირებით