კატეგორიები

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აზრით, ევროპის ბიუჯეტის „შესაძლებლობები შეზღუდულია“

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აზრით, ევროპის ბიუჯეტის „შესაძლებლობები შეზღუდულია“
გერმანიის წამყვანი პოლიტიკოსი და ევროპის საქმეთა  სახელმწიფო მინისტრი  გიუნტერ კრიხბაუმი (გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან) ფიქრობს, რომ დროა ევროკავშირმა გადახედოს როგორც გაფართოების, ისე საბიუჯეტო პოლიტიკას და ახალი გზები მოძებნოს.

ლენა როშე, ევრონიუსი: „თქვენ ახლახან ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად ხელი მოაწერეთ ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილს, რომელშიც გააკრიტიკეთ ევროკავშირის საჯარო სამსახურში დაგეგმილი შტატების  ზრდა. მაინც რა არ მოგწონთ?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: „საქმე ის არის, რომ მრავალწლიანი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილია 2500 ახალი საშტატო ერთეულის შექმნა ახლო მომავალში. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ზრდა ეხება ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა კიბერთავდაცვა, უსაფრთხოება... ამ სფეროებში მართლაც აუცილებელია მეტის გაკეთება. მაგრამ მგონი ჭკვიანური იქნება იმის აღიარებაც, რომ ევროკავშირისა და ევროკომისიის დონეზე რესურსები შეზღუდულია. სასურველია, რომ  აპარატის ფარგლებში არსებული რესურსები გადანაწილდეს. ეს უნდა იყოს მიზანი, რადგან საბიუჯეტო სახსრები უსასრულო არ არის, რასაც მწვავედ ვიგრძნობთ, როდესაც მრავალწლიანი ფინანსური დოკუმენტის ირგვლივ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ისედაც იგრძნობა უკვე“.

ლენა როშე, ევრონიუსი: „ახლახან ახსენეთ ევროკავშირის ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ამჟამად განხილვის პროცესშია წინადადება ორი ტრილიონი ევროს თაობაზე. ბერლინს სურს ამ რიცხვის სულ მცირე 400 მილიარდი ევროთი შემცირება. რა საჭიროა ასეთი მკვეთრი შეკვეცა?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: „ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული შვიდწლიანი ბიუჯეტი ახლა 1.7 ტრილიონ  ევროს შეადგენს. სამართლიანობისთვის ესეც უნდა ვაღიაროთ. მაგრამ ვიმეორებ, ეროვნულ დონეზე წევრი სახელმწიფოების, განსაკუთრებით გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, სახსრები შეზღუდულია. ჩემი აზრით, ამაზე უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ. მაინც რა უნდა გამოვყოთ, როგორც პრიორიტეტი? და მე სრულიად მიზანმიმართულად ვიტყვი სათქმელს, თუნდაც პროვოკაციულად ჩათვალონ: ევროკავშირს დღეს ხელახლა რომ ვქმნიდეთ - და თეორიულად შეგვძლებოდა თითის დაჭერა „გადატვირთვის“ ღილაკზე - არ დავიწყებდით საქმეს აგრარული პოლიტიკით. ეჭვგარეშეა, რომ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მაგრამ დღეს წინა პლანზე დგას ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსაფრთხოება, თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, კოსმოსი, ხელოვნური ინტელექტი და კონკურენტუნარიანობა. ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სწორედ ამ სფეროებს უნდა დაეყრდნოს ჩვენი კეთილდღეობა მომავალ ხუთ, ათ, 15 და 20 წელიწადში. ნებისმიერი გაუგებრობა რომ თავიდან ავიცილოთ, დავაზუსტებ სათქმელს: სოფლის მეურნეობა ისევ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყურადღება სხვა სფეროებზე უნდა გადავიტანოთ“.

ლენა როშე, ევრონიუსი: „წეღან ახსენეთ, რომ სოფლის მეურნეობის ხარჯი უნდა შეიკვეცოს. სწორედ ასეთია შემოთავაზება, რომელიც სულ მცირე უკვე წარდგენილია. ეს განსაკუთრებით ძლიერად დაარტყამს საფრანგეთს, არადა, საფრანგეთში 2027 წელს არჩევნებია. როგორ შეძლებს გერმანია საფრანგეთის დარწმუნებას, რომ დათანხმდეს ამ სეკვესტრს? ან ეს საკითხი პრობლემებს ხომ არ შეუქმნის გერმანია-საფრანგეთის ტანდემს ევროკავშირში?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი:  „ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დაინტერესებულია იმ სისტემის გარდაქმნით, რომელსაც საკმაოდ გრძელი და რთული სახელი  - მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო ჰქვია. ეს ყველა ჩვენგანის ინტერესებშია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ აგრარული პოლიტიკის გაძლიერება დღემდე ძალიან დიდ როლს თამაშობს ბევრ ქვეყანაში. ამაზე არც ჩვენ ვდავობთ. ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ჩვენი პრიორიტეტების სხვაგვარად განაწილება, რადგან სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი ისევ მთლიანი ხარჯის თითქმის ნახევარს შეადგენს. ეს ნამდვილად მეტისმეტია. მომავალში რეგიონული განვითარების პოლიტიკას სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან გავაერთიანებთ, ერთ მთლიან საყრდენად ჩამოვაყალიბებეთ, ასე ვთქვათ. და თავად წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტი იქნება, თუ როგორ გააწონასწორებენ ამ ორ სფეროს. მაგრამ ჩვენთვის, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისთვის, ეს მეორე რგოლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ისაა მომავლის საწინდარი და ამაზე გვინდა მეტი ძალისხმევა გავწიოთ“.

ლენა როშე, ევრონიუსი: „როგორ გგონიათ, რანდენად შესაძლებელია, რომ ამ საკითხზე წლის ბოლომდე შეთანხმდნენ?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: „იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. და ეს იმედი მრავალი მიზეზის გამო მაქვს. რადგან ჩვენ შეიძლება წინასწარ გავთვალოთ, თუ რა მოხდება 2026 წელს, მაგრამ მე არ შემიძლია დავდო პროგნოზი იმისა, თუ რა მოხდება 2027 წელს. ამ შემთხვევაში შეთანხმება კიდევ უფრო რთული იქნება. რაც ნიშნავს, რომ ვითარება უკვე საკმაოდ რთულია. მჯერა, რომ ყველას ნამდვილად ძალიან გვინდა, რომ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დასრულდეს“.

ლენა როშე, ევრონიუსი: „ჩვენ გარდაქმნაზე ვისაუბრეთ. თქვენს პარტიას, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს, ბიზნესისთვის რეგულაციების შემცირებაც სურს მთელ ევროპაში. მიზანი ბიუროკრატიის შემცირება და ინოვაციისა და კონკურენტუნარიანობის წახალისებაა. მაინც როგორ აპირებთ ამას მიაღწიოთ?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი:  „განსაკუთრებული ყურადრება უნდა მივაქციოთ ერთიანი ბაზრის საბოლოოდ შექმნას. ეს უკვე საკმაოდ გამართულად მუშაობს გარკვეულ სფეროებში, განსაკუთრებით საქონლის თავისუფალი მოძრაობის თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც  გარკვეულ სხვა სექტორებზე ვფიქრობ - განსაკუთრებით ტელეკომუნიკაციაზე, ენერგეტიკასა და ფინანსურ სერვისებზე - ამ კუთხით ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთსა და ამერიკას. აი, ეს იქნება მნიშვნელოვანი მომავალში. ენრიკო ლეტას ანაგარიში განგაშის ზარს ჰგავს და ჩვენ ევროპაში ეს უნდა გავითვალისწინოთ. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს და ხელსაყრელი მომენტის შერჩევა ამ კუთხითაც ისეთივე აუცილებელია, როგორც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს შემთხვევაში“.

ლენა როშე, ევრონიუსი: „მაინც რა სახის გამარტივებას შეიძლება ელოდოს ბიზნესი მთელი ევროპის მასშტაბით?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: „ბიუროკრატიის შემცირება ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით გვინდა ანგარიშგების მოთხოვნებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების ტვრითის შემსუბუქება. ეს მხოლოდ დიდ კომპანიებს კი არ აწუხებს, არამედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა და ხელოსნებსაც. ამ კუთხით ბიუროკრატია მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ. ადრე იურიდიულ ჩარჩოებს დირექტივები განსაზღვრავდნენ. დღეს ჩინოვნიკები ყველა წვრილმანს აქცევენ ყურადღებას და ლამის მანიაკალურად მისდევენ უმცირეს დეტალებს, რაც სრულიად ზედმეტია. ეს ერთნაიარად ურთულებს ცხოვრებას როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს და ეს უნდა დასრულდეს“.

ლენა როშე, ევრონიუსი: „ევროპულ დონეზე კიდევ ერთი აქტუალური საკითხია ევროკავშირის გაფართოება. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები -  ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია და სერბეთი უკევ წლებია, უცდიან ევროკავშირში შესვლას. ფრიდრიხ მერცსა და ემანუელ მაკრონს ახლა გაფართოების პროცესის დაჩქარება სურთ. რატომ გახდა ეს ახლა ასეთი პრიორიტეტული?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: „გაფართოების საკითხი ნამდვილად ძალიან პრიორიტეტული საკითხია ახლა, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანია მისი გეოპოლიტიკური კუთხით შეფასება,  ვიდრე ადრე. თუმცა  სწორედ ახლაა უპრიანი კრიტიკულად შევხედოთ, თუ რამდენად სწორად ვაკეთებთ ყველაფერს. მაინც რას ვგულისხმობ? ევროკავშირის ე.წ. მეთოდოლოგია უბრალოდ აღარ შეესაბამება რეალობას. მოდი, თვალსაჩინო მაგალითზე ავხსნი: გაწევრების პროცესის ორგანიზება დაახლოებით ისე ხდება, როგორც სიმაღლეზე ხტომის შეჯიბრებისას. მონაწილემ აუცილებლად უნდა გადალახოს მეტრნახევრიანი დაბრკოლება, იგულისხმება, რომ ჰარმონიზაცია უნდა შეძლოს ევროკავშირის ყველა კანონთან და კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა აიღონ ეს სიმაღლე. სინამდვილეში ეს გადასალახი ბარიერი უკვე მეტრ-ნახევარი კი აღარ არის, არამედ 2 მეტრი და 10 სანტიმეტრია, რადგან ჩვენ არსებული კანონები თანდათან გავამკაცრეთ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში და თან ახალი დავამატეთ. მარტო მომხმარებლის უფლებების დაცვა რად ღირს, განსაკუთრებით გარემოს დაცვის კანონმდებლობა გამკაცრდა. ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მივა წინა წლების სტანდარტებთან. არადა, წევრობის მსურველ ქვეყნებს, რომელთაც ეს ამაღლებული ბარიერი უნდა გადალახონ, იმ მეტრნახევრიანის გადალახვაც უჭირდათ. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ამ სიმაღლეზე ხტომის კონკურსზე. უნდა მთლიანად შევცვალოთ სტრუქტურა და კიბის მსგავსი მექანიზმი შევქმანთ, სისტემა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაივლი. გაუგებრობა რომ არ მოხდეს, დავაზუსტებ: საბოლოო მიზანი ისევ უნდა იყოს ევროკავშირის სრული წევრობა. უბრალოდ იქ მისასვლელად უფრო მარტივი ბილიკი უნდა მოვძებნოთ და კიბის თითოეული საფეხურის ავლის შემდეგ რამე ხელშესახები დამატებითი ღირებულება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა მოქალაქეებმა მკაფიოდ დაინახონ შედეგი და თქვან: ამან მართლა გააუმჯობესა ჩემი ცხოვრება. ნამდვილად ღირდა ამისთვის გარჯა. ასეთი შეცვლილი მეთოდოლოგია უნდა დავნერგოთ. და ამ გადმოსახედიდან კანცლერ მერცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა ნამდვილად დროულია და, ჩემი აზრით, უკვე პრაქტიკაში უნდა დაინერგოს“.

ლენა როშე, ევრონიუსი:  „მერცი უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის სახელწმიფოებისთვის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობასაც ითხოვს. ამ აზრის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მოსაცდელ ოთახს ან მეორეხარისხოვან წევრობას დაემსგავსება. რას უპასუხებდით მათ?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: „ვუპასუხებდი, რომ აშკარად ვერ ჩასწვდნენ ამ მოდელს. რადგან ეს ასოცირებული წევრობა  ძალიან ზუსტ ვალდებულებას მოიცავს. რატომ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ასოცირებული წევრობის სტატუსის მქონე ქვეყნებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროპარლამენტის სესიებში? ოღონდ ხმის მიცემის უფლების გარეშე, რა თქმა უნდა. ეს არცერთი ევრო თუ ცენტი არ დაგვიჯდება. ან, მაგალითად, დაესწრონ ევროპის საბჭოს  შეხვედრებსა და სესიებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ხმის მიცემის უფლების გარეშე, რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით, კონტრაქტების შესწორება მინდა. ეს არაფერი არ დაგვიჯდება. მაგრამ ეს იქნება მკაფიო გზავნილი ჩინეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნებისთვის: რომ ეს ქვეყნები ჩვენი - ევროკავშირის -  რიგებში დგანან. რაც შეეხება თავად ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკას, დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი მთავრობა კარგ ქულებს დაიწერდა ამით, ეს ხომ ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სტატუსის თვალსაზრისით. რადგან ეს საშუალებას მისცემთ, განაცხადონ: ჩვენ უკვე ამ კლუბის ნაწილი ვართ. გარკვეული სამუშაო კიდევ უნდა შევასრულოთ სრულ გაწევრებამდე, მაგრამ უკვე შიგნით ვართ და ამგვარად უფრო დავიახლოებთ ამ სახელმწიფოებს, ინტეგრაციას მოვახდენთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სწორი გზა და სწორი ნიშანი“.

ლენა როშე, ევრონიუსი: „მაინც რა არის ევროკავშირის გაფართოების ფასი? რამდენად შეძლებენ ევროკავშირის ძირითადი წევრები ამის გადახდას?“

გიუნტერ კრიხბაუმი, გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი:  „რა თქმა უნდა, შეძლებენ, რადგან ეს ყველაფერი ბიუჯეტის ჩარჩოებში დაფინანსდება და ყოფილი ბენეფიციარი ქვეყნები ახლა დონორები არიან. მაგალითად, ავიღოთ პოლონეთი. პოლონეთი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, რასაკვირველია, მაგრამ დღევანდელ პოლონეთს უბრალოდ ვერც შეადარებ იმ ქვეყანას, როგორიც პოლონეთი გაწევრების დროს იყო. პოლონეთის ეკონომიკა ყვავის. თუ დღეს პოლონეთში იმოგზაურებ, ნახავ, რამხელა მიღწევებია ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. ბუნებრივია, ეს ევროკავშირის დახმარების დამსახურებაა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისა, რომელიც  დამფუძნებელ დონორებს შორის არის. მაგრამ ჩვენს ინტერესებშიც არის, რომ გაიყვანონ კარგი გზატკეცილები, რომლებიც საქონლის ერთი პუნქტიდან მეორეში სწრაფად გადატანას შეუწყობს ხელს. რადგან ძალიან ხშირად სწორედ გერმანული ლოგისტიკური კომპანია სარგებლობს ამ გზებით, რომელსაც გერმანელი მძღოლები ჰყავს დასაქმებული და მათ ხელფასს გერმანული სამუშაო კონტაქტის ფარგლებში უხდის. ასე რომ, საქონლის სწრაფად გადატანა  შედის გერმანიის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ ინფრასტრუქტურაშიც უნდა ჩავდოთ ინვესტიციები. და ასეც ვიქცევით. სწორედ ამიტომ არის ჩვენი რესურსები შეზღუდული. მაგრამ ჩვენ ყველა ვიღებთ სარგებელს ერთმანეთისგან იმის გამო, რომ ასეთ მიდგომას ვინარჩუნებთ. ისევ მისაღებ ქვეყნებს რომ დავუბრუნდეთ: რასაკვირველია, უნდა უზრუნველვყოთ ისიც, რომ ამ ქვეყნებმა დახმარება და მხარდაჭერა მიიღონ. მაგრამ ჩვენ, განსაკუთრებით გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას, ძალიან დიდი ეკონომიკური ინტერესი გვაქვს, რომ ეს ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ წინ, რადგან ჩვენ ექსპორტზე ვართ ორიენტირებული და, შესაბამისად, დაინტერესებული ვართ, რომ მათ ჩვენს საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა გაუჩნდეთ“.

ავტორი: ლენა როშე

დაკავშირებული ამბები
გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აზრით, ევროპის ბიუჯეტის „შესაძლებლობები შეზღუდულია“ ეროვნული სუვერენიტეტი „ამერიკისა და ჩინეთისთვის საჩუქრის მიძღვნას ნიშნავს“ - განუცხადა „ევრონიუსს“ იტალიის ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტამ