კატეგორიები

რუსეთმა ქვეყნიდან იტალიელი სამხედრო ატაშე გაიწვია

რუსეთმა ქვეყნიდან იტალიელი სამხედრო ატაშე გაიწვია
„უსაფუძვლო, ყოვლად გაუმართლებელი, შურისძიების აშკარა აქტი“ - ასე აფასებს იტალიის ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას, რუსეთიდან იტალიელი სამხედრო ატაშესა და მისი თანაშემწის გაწვევასთან დაკავშირებით.

კრემლი არ უარყოფს, რომ ეს არის პასუხი მიმდინარე თვის დასაწყისში რომის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, როდესაც იტალიის მთავრობამ რუსი სამხედრო ატაშეების ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა, მათი ჯაშუშური საქმიანობის გამო.

ევროპული ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების ვერსიით, ივან გორბაჩოვი და მიხაილ სტახოვი წლების განმავლობაში მუშაობდნენ რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და იყვნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის წევრები.

გამოძიების მიმდინარეობისას, რომის პოლიციამ 7 ივლისს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დააკავეს იტალიური დაზვერვის ორი ყოფილი აგენტი, რომლებიც, მედიის ცნობით, კრემლს აწვდიდნენ საიდუმლო ინფორმაციას უკრაინისთვის გასაწევ სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი რუსი კურატორისგან იღებდა თანხას და ამის სანაცვლოდ მისთვის საინტერესო, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გადასცემდა - მათ შორის მოხვდა ინფორმაცია ფრანგულ-იტალიური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის, SAMP/T-ის შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს უნდა გადასცემოდა უკრაინას, ასევე კიევისთვის უკვე მიწოდებულ Aster-ის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით.

მედიის თანახმად, რუსი ჯაშუშები ასევე მოითხოვდნენ დეტალურ ინფორმაციას ბულგარეთში ნატოს მისიისა და იტალიური, დრონებისა და ჰიპერბგერითი რაკეტებისთვის ძრავების მწარმოებელი კომპანია Avio-სთან დაკავშირებით, რაც მოგვიანებით ასევე აღმოჩნდება მოსკოვის ხელში.

დაკავშირებული ამბები
რუსეთმა ქვეყნიდან იტალიელი სამხედრო ატაშე გაიწვია კიევმა ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ რუსულ ენერგოობიექტებს დაარტყა