რუმინეთმა F-16-ის ავიაგამანადგურებლით საკუთარ საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, შემთხვევა 24 ივლისს დაახლოებით დილის 11:00 საათისთვის, ბუქარესტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დაუსახლებელ პუნქტში მოხდა.
ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი დაახლოებით 09:40 საათზე შავი ზღვის თავზე რადარებმა დააფიქსირეს, შემდეგ ის დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდა - სულინას საპორტო ქალაქისკენ და ბუზეუს ქალაქის მიმართულებით.
უწყების ცნობით, სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, საგანგებო წესით აფრინდნენ იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებიც.
რუმინული მთავრობის განმარტებით, ქვეყნის აღმოსავლეთით, ფეტეშტის 86-ე საავიაციო ბაზაზე განთავსებულმა გამანადგურებელმა, საჰაერო პატრულირების მისიის შესრულებისას, უპილოტო საფრენი აპარატი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტით გაანადგურა.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც NATO-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი დრონი იჭრება.
5 ივნისს კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის, სავარაუდოდ, იმ უპილოტო აპარატების ტიპს მიეკუთვნება, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება.
მანამდე, ერთი კვირით ადრე, 29 მაისს რუსული დრონი ქალაქ გალაცში შეიჭრა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეათე სართულს შეეჯახა და აფეთქდა.
მსგავს შემთხვევებს ბუქარესტი და მოკავშირეები რუსეთის „მიზანმიმართულ პროვოკაციას“ უწოდებენ.
