ირანი სამხედრო შესაძლებლობების მინიმუმდე დაყვანა და თეირანის მოკავშირე, მარიონეტული დაჯგუფებების განეიტრალება - ამ მიზნების მისაღწევად შეერთებულ შტატებს ვარიანტების ისეთივე მრავალფეროვნება როგორც გასულ თვეებში ჰქონდა, აღარ აქვს.
მიზეზი რამდენიმეა და მათზე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც საუბრობენ. ერთ-ერთია შიდაპოლიტიკური საკითხი, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული შემოდგომის შუალედურ არჩევნებთან.
„რესპუბლიკელებისთვის“ არახელსაყრელია იმგვარი ხისტი ნაბიჯების გადადგმა, რაც 3 ნოემბრის კენჭისყრისა და წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის განახლების შემდეგ მათ პოზიციებს შეასუსტებს.
მზარდია საზოგადოებრივი უკმაყოფილება გაზრდილი ფასების გამო.
მაისის შემდეგ პირველად, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა და უმალვე აისახა მსოფლიოს ავტოგასამართ სადგურებზე და, თავისთავად, შტატების მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზეც.
ანალიტიკოსები და ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ ამერიკის გადასახადების გადამხდელებს მოსწონდეთ პლანეტის სხვა წერტილში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დაფინანსება - მით უმეტეს, როდესაც მიმდინარე კვირაში შტატების ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სენატს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის საბრძოლო მოქმედებები ვაშინგტონს უკვე დაუჯდა 37 მილიარდ 500 მილიონი დოლარი.
ეს მონაცემი არაა საბოლოო და, იმის გათვალისწინებით, რამდენად იძაბება ვითარება კონფლიქტის ზონაში, სავარაუდოდ, შემდგომი ანგარიშის წარდგენისას, პიტ ჰეგსეტი გაცილებით მაღალ რიცხვს დაასახელებს.
თეთრი სახლის ლიდერს მიმდინარე კვირაში გაცემული არაერთი დაპირება აქვს შესასრულებელი - ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის დონალდ ტრამპმა ირანი მოსალოდნელი შურისძიების შესახებ გააფრთხილა, ჰორმუზის სრუტეში თითო გემზე თავდასხმისთვის კი ისლამური ქვეყნის თითო ელექტროსადგურის ან ხიდის განადგურებით დაიმუქრა.
მის მიერვე დაანონსებული „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ გახსნაც თეირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გაფართოებას გულისხმობს.
დონალდ ტრამპს შესასრულებელი აქვს სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე გაცემული დაპირებაც, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
იქიდან გამომდინარე, რომ ნათანზის პროვინციიდან 2 კილომეტრში დაშორებული პიქაქსის მთის ძირში ისლამური რესპუბლიკა ურანის გამამდიდრებელ ობიექტს აშენებს, როგორც ჩანს, ვერც ვაშინგტონმა და თავის დროზე ვერც თელ-ავივმა ვერ მიაღწიეს ერთობლივი თუ ცალ-ცალკე ჩატარებული სამხედრო ოპერაციების მიზნებს.
„მართლაც ძალიან წარმატებით ვმოქმედებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მათ სურთ რაღაცის გაკეთება, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ მზად არ არიან. მათ კიდევ უნდა მიიღონ იგივე. ისინი ჯერ მზად არ არიან. მათ ბოროტი განზრახვები აქვთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ... ვერ დავუშვებთ, როცა ისინი დაიწყებენ ერთი საზოგადოების მეორის შემდეგ განადგურებას. მათ არასოდეს უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი და არც უნდა შეძლონ ამაზე გაფიქრებაც კი. სწორედ ამას ვაღწევთ - მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი.
ოთხი დიდი ამერიკელი პატრიოტი დაიღუპა. ეს უკვე 18 დაღუპულია ორ ომში. ერთი დაღუპულიც კი მეტისმეტია. მაგრამ მათი რიცხვია 18-ია, მაშინ, როცა ვიეტნამის ომში 200 000 ადამიანი დავკარგეთ. ავღანეთში ათასობით დავკარგეთ, ათასობით დავკარგეთ თითქმის ყველა ომში, მათ შორის კორეის ომშიც. და ეს ომები წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
გვინდა, ეს [ომი], რაც შეიძლება მალე და სწორად დასრულდეს, თუმცა, უნდა გავაკეთოთ ის, რისთვისაც მოვედით - არ შეგვიძლია ამ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ძალადობრივები არიან, მივცეთ ის, რაც სურთ, ანუ ბირთვული იარაღი...
მერწმუნეთ, 4 თვის წინ ისინი ბევრად უფრო ძლიერები იყვნენ. მინდა, სიმართლე გაგაცნოთ და არა ყალბი ამბები“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის გამაფრთხილებელ განცხადებებს არც მოწინააღმდეგე მხარე პასუხობს დუმილით. გარდა იმისა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, ქვეყანა მიმართავს „თვალი თვალის წილ“ თავდაცვის დოქტრინას, რომელიც ირანისა და მისი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმებზე „მძლავრი და გადამწყვეტი“ პასუხის გაცემას გულისხმობს.
იმუქრებიან ისლამური ქვეყნის მოკავშირე მარიონეტული დაჯგუფებებიც, რომელთაგან ყველაზე აქტიურები იემენელი ჰუსიტები არიან.
მუქარების საპასუხოდ, შტატების ცენტრალური სარდლობის ძალებს იერიშები მიაქვთ ირანის სამხედრო და კრიტიკულად საკვანძო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბანდარ-აბასისა და კეშმის კუნძულებზე.
ვაშინგტონის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს.
ამერიკის იერიშებს ირანი პასუხობს ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნებზე დარტყმებით. ბაჰრეინი, ქუვეითი, იორდანია, კატარი, გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი - ეს სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა არასრული ჩამონათვალია, სადაც თითქმის ყოველდღიურობად იქცა საჰაერო განგაშის სირენები და რაკეტებისა თუ დრონების განეიტრალება.
მსგავსი დაძაბულობა მნიშვნელოვნად უთხრის ძირს დიპლომატიურ პროცესსა და პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, იმის მიუხედავად, რომ შუამავლების მეშვეობით, მხარეთა შორის საკომუნიკაციო არხები შენარჩუნებულია.
