კატეგორიები

აფეთქება ერაყში ამერიკულ ბაზასთან, თეირანის გაფრთხილება და ომის პოტენციური სცენარი

აფეთქება ერაყში ამერიკულ ბაზასთან, თეირანის გაფრთხილება და ომის პოტენციური სცენარი
ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ერბილში, სადაც ამერიკული სამხედრო კონტინგენტია განლაგებული, სულ მცირე 7 აფეთქება მოხდა. სააგენტო Associated Press-ის თანახმად, უშუალოდ ბაზის სიახლოვეს 24 ივლისის დილით შავი კვამლი ჩანდა.

მომხდარ აფეთქებებს დროში ემთხვევა ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ მიერ სახელმწიფო მაუწყებლის მეშვეობით გავრცელებული განცხადება, სადაც ის მეზობელი ქვეყნების მოსახლეობას მოუწოდებს, მათ ტერიტორიაზე, შეერთებული შტატების ბაზებს, ამერიკელი სამხედროების ბომბსაფრების, საცხოვრებელი ადგილებისა და საბრძოლო მასალების შემნახავ ობიექტებს დაუყოვნებლივ, სულ მცირე, ნახევარი კილომეტრით მოშორდნენ, უსაფრთხოების მიზნით.

„გუშაგთა კორპუსი“ ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, მიაწოდონ დამატებითი ცნობები ეროვნულ გვარდიას ამერიკული ჯარების ადგილსამყოფელის შესახებ.

საგულისხმოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში თეირანიდან მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა იმის მიუხედავად, რომ ისლამურ ქვეყანას აქტიურად მიჰქონდა საჰაერო იერიშები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და წერტილებზე, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, ვაშინგტონმა 18 ჯარისკაცი დაკარგა.

Euronews-სთვის ცნობილია, რომ აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ირანში სახმელეთო ოპერაციის რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავეს, ხოლო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ასეთი ნაბიჯი არ გამოურიცხავს. ამ პერსპექტივამ ისლამურ ქვეყანაში მწვავე დებატები გამოიწვია მოსახლეობას შორისაც იმის შესახებ, უცხო ქვეყნის ჯარისკაცების ირანის ტერიტორიაზე შესვლა ირანელებისთვის იქნებოდა გათავისუფლება თუ კატასტროფა.

ანალიტიკოსები ამ ნაბიჯს სახიფათოს უწოდებენ, თეირანის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან და, ასევე წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც ვაშინგტონმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია ერაყში დაიწყო, შორეულ 2003 წელს.

ირანის არმიის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალმა მოჰამად აკრამი-ნია, ცოტა ხნის წინ დაიმუქრა, რომ აშშ-ის ნებისმიერი შეჭრა ირანის ტერიტორიაზე „აქამდე არნახულ“ სამხედრო პასუხს გამოიწვევს.

უფრო მკაცრი განცხადებით გამოირჩა ისლამური ქვეყნის პარლამენტის წევრი, რომლის თქმითაც, თუ ამერიკული ძალები ტერიტორიაზე შევლენ, თეირანმა, შესაძლოა, სახმელეთო ოპერაციები დაიწყოს სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის ქუვეითისა და ბაჰრეინის, წინააღმდეგ, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას, დონალდ ტრამპს მოუწევს, კარგად აწონ-დაწონოს ყველა პოტენციური რისკი.

დაკავშირებული ამბები
აფეთქება ერაყში ამერიკულ ბაზასთან, თეირანის გაფრთხილება და ომის პოტენციური სცენარი კორუფციის ბრალდებით ერაყში მთავრობის მაღალჩინოსნები დააკავეს