კატეგორიები

უნგრეთი ორბანის მმართველობისას ქვეყანაში BYD-ის ინვესტიციის საკითხს შეისწავლის

უნგრეთი ორბანის მმართველობისას ქვეყანაში BYD-ის ინვესტიციის საკითხს შეისწავლის
უნგრეთის ხელისუფლება სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას აანონსებს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის ინვესტიციებს შეეხება.

პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის თქმით, განსაკუთრებით ბევრი კითხვის ნიშანი დაგროვდა მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანის მინისტრთა კაბინეტის ყოფილმა წევრმა BYD-ში წამყვან პოზიციაზე მუშაობის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ შევისწავლით პეტერ სიიარტოს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, გამართულ ყველა მოლაპარაკებასა და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ყველა ვალდებულებას, რომელიც უნგრეთში BYD-ის ინვესტიციას უკავშირდებოდა.

ასევე შევისწავლით შერჩეული მსხვილი კომპანიებისთვის მინიჭებულ ყველა სახელმწიფო სუბსიდიას, საგადასახადო შეღავათს, ნებართვასა და გარემოსდაცვით გამონაკლისს, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინვესტიციების სრულ ისტორიას“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.

უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, ახალი სამუშაო პოზიციის შესახებ თავად განაცხადა. „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ ჩინურ კომპანია BYD-ში დაიკავებს მმართველ თანამდებობას, რომელიც საერთაშორისო მიმართულებაზეა ფოკუსირებული და „პასუხისმგებელია ბიზნესის ახალი მიმართულებების განვითარებაზე“, ხოლო საპარლამენტო მანდატზე, რომელიც 12 აპრილის არჩევნების შედეგად მოიპოვა, უარს ამბობს - ამგვარად, საჯარო პოლიტიკაში საკუთარ 24-წლიან კარიერას მან წერტილი დაუსვა, თუმცა უცნობია - დროებით თუ სამუდამოდ.

2023 წელს, ჯერ კიდევ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მან განაცხადა, რომ ჩინური BYD-ი თავისი პირველი ევროპული ქარხნის გახსნას აპირებდა, რაზეც ბუდაპეშტი აქტიურად მუშაობდა.

დიპლომატი ვარაუდობდა, რომ ეს შეაძლებინებდა კორპორაციას, თავი აერიდებინა ჩინურ ელექტრომობილებზე მოქმედი ევროკავშირის ტარიფებისთვის, რაც, თავის მხრივ, ბრიუსელმა დააწესა საკუთარი წარმოების წასახალისებლად. ამ ტარიფებს ორბანის მთავრობა მკაცრად ეწინააღმდეგებოდა და ცდილობდა, პეკინიდან ინვესტიციების მოზიდვას.

პიტერ სიიარტო თავად ლობირებდა ამ პროცესს და ამბობდა, რომ ქარხნის უნგრეთში გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნის ხელისუფლებასა და კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების 224 რაუნდის შემდეგ.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი ორბანის მმართველობისას ქვეყანაში BYD-ის ინვესტიციის საკითხს შეისწავლის ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდესში” ჩხრეკა ჩატარდა