კატეგორიები

უნგრეთში პოლონელი ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

უნგრეთში პოლონელი ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
Copyright AP Photo

ხელისუფლების ცნობით, 16 აგვისტოს ღამით, უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ავტობუსის ავარიის შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა, ათი კი მძიმედ დაშავდა.

პოლონური სანომრე ნიშნის მქონე ავტობუსი 16 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 140 კილომეტრში გადაბრუნდა.

„გვიან ღამით, პოლონური სანომრე ნიშნების მქონე ავტობუსი მეზოკერეშტესთან ახლოს M3A გზატკეცილზე მოძრაობდა, გაურკვეველი მიზეზების გამო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი გზიდან გადავიდა, გადაბრუნდა და თხრილში აღმოჩნდა. ავტობუსში ორმოცდაათზე მეტი ადამიანი იყო“. - ამბობს ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის ოლქის პოლიციის პრესსპიკერი, ატილა იანაშოჩკი.

მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ,  სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, რაც ავარიის გამოწვევი მიზეზი გახდა. ბოლო ინფორმაციით, მძღოლი უკვე დაკავებულია.

სასწრაფო დახმარების ეროვნულმა სამსახურმა ავარიის ადგილზე თოთხმეტი სასწრაფო დახმარების ჯგუფი გაგზავნა; ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,  ცხრას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, 37 კი მსუბუქად დაშავდა. მათ ადგილზე გაუწიეს დახმარება.

„მეხანძრეები მეზოკევეშდიდან  პირველები მივიდნენ ადგილზე და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. მათ ავტობუსის გარშემო ტერიტორია ჯაჭვური ხერხებით, ჰიდრავლიკური საჭრელებითა და ხელით გაწმინდეს. მათ მგზავრები გადაარჩინეს და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს გადასცეს“. - აცხადებს ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის ოლქის კატასტროფების მართვის დირექტორატის სახანძრო სამსახურის უფროსი, დავიდ დოიჩსაკი.

დაშავებულები მიშკოლცის, დებრეცენის, ნირედჰაზისა და ეგერის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

M3 ავტომაგისტრალის მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, გამოძიებისა და 24-ტონიანი ავტობუსის აწევის ტექნიკური ოპერაციების გამო დაიკეტა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა  სამაშველო ოპერაციაში ჩართულ ყველა პირს.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთში პოლონელი ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა სიცილიის ერთ-ერთი მუზეუმიდან ანტონელო და მესინას ოთხი ნამუშევარი მოიპარეს